"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს ექსპერიმენტებს და პოპულისტურ კამპანიებს სისტემაში, რომელსაც თავად არ იყენებს. - „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით საუბრობს.
ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს.
მისივე შეფასებით, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ეს ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება.
„ისინი, ცდებს ატარებენ არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა საჯარო სკოლებში სასწავლო ფორმების სავალდებულო შემოღება. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილების დიდი ნაწილი კერძო სკოლაში სწავლობს, სწორედ ამიტომ ხელისუფლების განმარტება, თითქოს ფორმების სავალდებულო შემოღება თანასწორობის პრინციპების დაცვის მიზნით ხდება, არადამაჯერებელია. როდესაც გადაწყვეტილების მიმღები თავად არ ექვემდებარება წესებს, რომლის დაწესებასაც სხვისთვის ცდილობს, თანასწორობაზე საუბარი ფორმალური ხასიათისაა. ქვეყანაში, სადაც ათობით საჯარო სკოლა დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია ან დანგრეულია, ათასობით მოსწავლეს ყოველდღე უწევს საკუთარი სახლებიდან კილომეტრების დაშორებით დაშორებით მდებარე სკოლებში სიარული, ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი სასწავლო დღის განმავლობაში საერთოდ ვერ იკვებება, სასკოლო ფორმების სავალდებულო შემოღება განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა ვერ იქნება“,- აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.
ამასთან, განმარტა, რომ „საქართველოს სჭირდება არა ფორმების რეფორმა, არამედ განათლების სისტემის სიღრმისეული გარდაქმნა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უსაფრთხო, თანამედროვე სკოლები და უფასო კვების პროგრამა“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით.