ვინ დგას ახალი მოძრაობის უკან? - მერიის თანამშრომელი, კავშირები და კითხვები
ახალი გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც გუშინ საკუთარი ვინაობა დამალა, ლევან ყურაშვილია. "პირველებმა" მას ისანში, მუნიციპალურ საცურაო აუზზე მიაგნა, სადაც ის დასაქმებულია.
ირკვევა, რომ იმ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის წარმომადგენლებიც გუშინ საპატიმროსთვის მზადყოფნასა და, მათი თქმით, "საციხო საქმეების" ჩადენაზე საუბრობდნენ, თბილისის მერიიდან იღებს ხელფასს. დღეს ლევან ყურაშვილმა არც ბიძინა ივანიშვილის უმცროს ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან კავშირი უარყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულია ფოტოებიც, სადაც ისინი ერთად არიან გადაღებული.
გივი ქართველიშვილმა, ლევან ყურაშვილმა და ნია მჭედლიშვილმა გუშინ დაანონსებული ახალი მოძრაობა დღეს იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურად დაარეგისტრირეს. აღსანიშნავია, რომ ბრიფინგზე მყოფი ხუთი წარმომადგენლიდან ორი დამფუძნებელთა სიაში საერთოდ არ ფიგურირებს.
ყურაშვილი თბილისის მერიის თანამშრომელია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ის მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „სტუდფესტის“ ფარგლებში გამართულ მარათონშიც მონაწილეობს.
ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლებიც გუშინ აცხადებდნენ, რომ პატიმრობისთვის მზად იყვნენ, საკუთარ წესდებაში მიზნად ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდის ხელშეწყობას ასახელებს. დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობასაც გეგმავს.
კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომელ ქვეყნებთან აპირებს ორგანიზაცია თანამშრომლობას. ლევან ყურაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ის ესწრებოდა „ევრაზიის ინსტიტუტის“ ღონისძიებას. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.
დღეს "პირველებმა" ლევან ყურაშვილს მის სამუშაო ადგილზე მიაკითხა, თუმცა მან მოუცლელობა მოიმიზეზა და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.