პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

29.07.26 12:23
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ, სავარაუდოდ ხვალ დატოვებს. 

"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე  პატიმრობას ითხოვდა.

TV პირველის ინფორმაციით, დანაშაული, რომელსაც დავით ჭითანავას ედავებიან, გასულ წელს იმ დროს მოხდა, როცა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო.

განახლება: 

პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, ანა არონიამ "პირველებს" უთხრა, რომ დავით ჭითანავასთვის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ბრალდების მხარის წარმომადგენელი ამბობს, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ამ ეტაპზე, ბრალდება მხოლოდ ერთ პირს აქვს წარდგენილი.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე, პატიმრობის გამოყენება არ იყო აუცილებელი და მას შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. მიღებულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში. სახელებთან და გვარებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, ამ ეტაპზე არ იკვეთება კონკრეტული ფაქტები, თუმცა ველოდებით სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მიღებულ ინფორმაციას.

ამ ეტაპზე, რაც იყო მტკიცებულებები წარმოდგენილი, მის საფუძველზე ერთ ბრალდებულს აქვს ბრალდება წარდგენილი. რა შეიძლება გამოიკვეთოს ამასთან დაკავშირებით ველოდებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მიღებულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მიღებული. მისი დაკავება მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე,“- განაცხადა ანა არონიამ.

  • პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.
  • გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.