კულუტრის სამინისტრო ჩააბარეს კაცს, რომელსაც ფინანსების კონტროლი ევალება

29.07.26 13:11
კულუტრის სამინისტრო ჩააბარეს კაცს, რომელსაც ფინანსების კონტროლი ევალება

კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს, რომელიც ირაკლი კობახიძის ბრძანებით, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მიხეილ კიკნაძე ამ დრომდე, კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო.

  • კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, 2 წლის წინ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კულტურის სამინისტროში მისვლამდე კიკნაძე საქართველოს რკინიგზაში ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ კი კომპანია "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" შიდა მონიტორინგის მენეჯერი.

ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანება უკვე გამოსცა. დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

კობახიძის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ასევე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე.

რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებზე? 

მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ არ აქვთ საფუძველი, ექსმინისტრის მიერ გასაჯროებულ მიზეზში [ჯანმრთელობი მდგომარეობის გაუარესება] ეჭვი შეიტანონ. 

მეც გავიგე ეს ინფორმაცია სოციალური ქსელით და ის ინფორმაცია, რაც იყო მოცემული, არანაირი უფლება არ მაქვს, რომ ეჭვი შევიტანო ამ ამაში. აქედან გამომდინარე, მოვუქოდებ ყველას, რომ სპეკულაციები ამ საკითხზე დასრულდეს, ის, რაც უკვე ბოლო საათების განმავლობაში მიმდინარეობს და ვენდოთ იმ ინფორმაციას, რაც დღევანდელ დღეს გვაქვს. ძალიან მკაფიოდ ეწერა ის მიზეზი, რა მიზეზითაც ეს ადმაიანი გადადგა თავის დაკავებული თანამდებობიდან, - ამბობს ზვიად შალამბერიძე. 

მას ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბუნებრივია, დეტალებში არ შევალ. არანაირი საფუძველი იმის, რომ ჩვენ ამაში ეჭვი შევიტანოთ არ გვაქვს. დღეს საქართველოს მტავრობა, ისე, როგორც არასდროს არის ჯანსაღი და კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს. არ არსებობს არანაირი კითხვა, მათ შორის არც კორუფციასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით და თუ ვინმეს მიმართ არსებობდა ოდესმე, ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ პასუხი გასცა, - ამბობს  გიორგი გაბუნია.  

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი კი ამბობს, რომ არ იცის, რატომ არ შეირჩა უწყების დროებით ხელმძღვანელად მინისტრის რომელიმე მოადგილე. ამასთან, ჭეიშვილი ირწმუნება, რომ კორუფციული ფაქტების შემთხვევაში, "ოცნებას" მყისიერი რეაგირება ექნებოდა.  

არ ვიცი, რატომ არ დანიშნეს სხვა მოადგილე, კომპეტენციის მიხედვით ალბათ შეირჩა ის ადამიანი... შეიძლება დატოვოს პრემიერ-მინისტრმა ეს ადმაიანი, შეიძლება არ დატოვოს და ახალი წარადგინოს, ამ წუთას რომ ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს უწყებას, ეს ფაქტია და ჰყავს კიდეც. თუ ფინანსური რაიმე დარღვევებია სამინისტროში, თუნდაც თავდაცვის უწყების მაგალითზე ავიღოთ, როგორ მოხდა გამოძება და რომელი უწყებები იყვნენ ჩართული, თქვენ კარგად იცით და დაინახეთ. თუ რამე მსგავსი იქნებოდა, ჩვენი ხელისუფლება მყისიერად გააკეთებდა ამაზე განცხადებას, არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, რომელსაც ეპატიება მსგავსი ქმედებები, კორუფციაში ხელის გარევა, - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი. 

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადება თიკა რუხაძემ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

რუხაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და თქვა, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღარ შეასრულებს."

დღეს ასევე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ თინათინ რუხაძის თანამდებობის დატოვება ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, კორუფცია ხელისუფლების ყველა დონეზეა გავრცელებული და ამ პრობლემას ცალკეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაში მიცემა ვერ მოაგვარებს.