კულტურის მინისტრი "უკულტუროდ გაგვეპარა" - ნანკა კალატოზიშვილი

29.07.26 15:40
კულტურის მინისტრი "უკულტუროდ გაგვეპარა" - ნანკა კალატოზიშვილი

კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის გადადგომა კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი. მისი თქმით, ყოფილი მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებით კორუფციის შესახებ არაერთი კითხვა არსებობს და ამაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტურ გამოძიებებსაც მიუთითებს. 

კალატოზიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რუხაძის ხელმძღვანელობის პერიოდში კულტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დაგროვდა.

მე ყველაფერს სიამოვნებით დავაბრალებდი კარმას, მაგრამ ტვ პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების მერე, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება და რთულია, ყველაფერი კარმას გადააბრალო, თან როცა ამდენი "მიღწევა" ჰქონდა ქალბატონ თინათინს, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრი, პირდაპირი მნიშვნელობით, მოკლა, რომელიც ისე გვერდში ედგა სახელოვნებო სფეროს, რომ თავადაც იცის, რომ უდანაშაულო ანდრო ჭიჭინაძე ციხეშია ორი წელია, მე დავპატიჟე, სპექტაკლის ნახვა თუ უნდოდა, სასამართლოებზე ვეპატიჟებოდი, ამაზე ცუდ სპექტაკლებზე, მაგრამ სპექტაკლი იყო, რომ რაღაცნაირად თვითონ ენახა ერთხელ მაინც ეს პროცესი და ძალიან გვერდში დაგვიდგა, რაც რთულია, არ დაუფასო. გელათი ისევ იმ მდგომარეობაშია და არ ვიცი, ქალბატონი თინათინი, რომელიც ინტერვიუების დროს მართლა მეგონა, რომ იღებდა ბონუსებს, იმიტომ, რომ იმდენჯერ ახსენებდა პარტიას და მადლობებს იხდიდა კონტექსტს სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა, უცებ ასე წავიდა, უკულტუროდ დაგვტოვა, შეიძლება, ითქვას, არც ბრიფინგი მოაწყო, არც მადლობები გადაიხადა და ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ "გაგვეპარა". არ ვიცი, ჯანმრთელობას ვუსურვებ.

არაერთი სიუჟეტი იყო კორუფციასთან დაკავშირებით, კითხვები გაჩნდა ძალიან ბევრი, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი. 

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადება თიკა რუხაძემ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

რუხაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და თქვა, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღარ შეასრულებს."

დღეს ასევე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ თინათინ რუხაძის თანამდებობის დატოვება ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, კორუფცია ხელისუფლების ყველა დონეზეა გავრცელებული და ამ პრობლემას ცალკეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაში მიცემა ვერ მოაგვარებს.