მდინარაძეს ახალი სამსახური შეუქმნეს

29.07.26 20:08
მდინარაძეს ახალი სამსახური შეუქმნეს

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში  რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება. აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე შეითავსებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. 

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბრიდან უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, ხოლო მისი მინისტრი, კახა გულედანი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. 

რეგიონული განვითარების სამინისტროს სექტემბრამდე მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უქმდება. 

მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ. 

დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად, სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, ბატონი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მადლობა მინდა გადავუხადო კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის. 

ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. 

სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება. 

მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.