ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"

30.07.26 11:31
ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"

"სასახლის შიდა თამაშები" - ასეთია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასება "ქართული ოცნების" მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე. 

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძემ "მართლა დაიჯერა", რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, რასაც ხუხასვილის თქმით, მისი დაქვეითება მოჰყვა. 

პოლიტიკის ექსპერტი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა კობახიძის "სტერილიზაცია" მოახდინა, რომ მისი "გაგდების" დროს კითხვები არ იყოს: 

ბიძინამ [ივანიშვილმა] ხომ ამათ საბელი დაუგრძელა და ამათ ამბიცია გაუჩნდათ, რომ რომ თვითონ შეეძლოთ რაღაცის გაკეთება. მით უფრო, როცა ბიძინა ასეთ ტესტებს უტარებს - "მიდით, მიდით, მე ნუ მირეკავთ, თქვენ თვითონ იმუშავეთ". ილუზიას უქმნის დამოუკიდებლობის და ამათმაც ჩათვალეს, რომ მართლა თვითონ შეუძლიათ, გადაწყვეტილებების მიღება, ამ დროს ბიძინა აკვირდება მათ. 

ამან [მამუკა მდინარაძემ] დაიჯერა, რომ რაღაცის კურატორი იყო, მინისტრებს ურეკავდა, შინაგან საქმეთა მინისტრს - "აბა ეს გავაკეთოთ, აბა ის". ისინი ეუბნებოდნენ, წითელი ხაზები და ეტყობა, რაღაც დაძაბულობაც მოხდა ამ კუთხით და გასაგებია, საბოლოო ჯამში ამას რაც მოჰყვა. 

ანუ, ეს არის "სასახლის თამაშები" - კობახიძის სტერილიზაცია, რომ მისი გაგდება, ჩარეცხვა, როცა ეს მომენტი დადგება, პრობლემური არ იყოს, ფეხებში არავინ გაებლანდოს ამ დროს"- თქვა ხუხაშვილმა. 

ასევე ნახეთ: 

ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;

"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა. 

ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.

 

მსგავსი სიახლეები