მაცხოვარზე ხუმრობიდან სიწმინდეების სადარაჯომდე - ბათუმის თეატრის დირექტორი სკანდალში გაეხვა
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი კოტე მჟავია, რომლის ძველი სატელევიზიო ჩანაწერი, სადაც ის იესო ქრისტეზე ანეკდოტს ჰყვება, სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა, ახლა იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც რელიგიური სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის მიზნით კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. სწორედ ამ გარემოებამ გააჩინა კითხვები და დისკუსია.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ დღეს „პირველებმა“ „ქართულ ოცნებას“ ჰკითხეს, როგორ აფასებენ იმ ფაქტს, რომ რელიგიური სიწმინდეების დაცვის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი თავად არის ძველი ჩანაწერის გმირი, სადაც იესო ქრისტეზე ხუმრობს. მმართველ გუნდში ამ კითხვას პასუხი არ გასცეს.
რელიგიური სიწმინდეების დაცვის მიზნით კანონმდებლობის შესაძლო ცვლილებებზე მუშაობა პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ „პირველებმა“ განმარტებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესაც სთხოვეს, თუმცა არჩილ გორდულაძემ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.
თავად კოტე მჟავია კი ამბობს, რომ მისი ინიციატივა რელიგიურ თემებზე ხუმრობის აკრძალვას არ უკავშირდება. მისი განმარტებით, საუბარია არა იუმორზე, არამედ ბილწსიტყვაობასა და აგრესიაზე, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოებრივ სივრცეში ვრცელდება და სწორედ ამის პრევენციაა ინიციატივის მიზანი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.