გამოკითხვა 724 დღის შემდეგ - ნიკა მელიაზე თავდასხმის გამოძიება შსს-მ 2 წლის დაგვიანებით დაიწყო

04.08.26 11:23
გამოკითხვა 724 დღის შემდეგ - ნიკა მელიაზე თავდასხმის გამოძიება შსს-მ 2 წლის დაგვიანებით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის გამოძიება 724 დღის შემდეგ დაიწყო. 

გამოკითხვაზე დაკავებული პოლიტიკოსის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გაბრიელ კობაიძე დაიბარეს. როგორც ირკვევა, მას კითხვებს 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვამენ. 

ამასთან, უფლებადამცველის ცნობით, დაახლოებით ორი კვირის წინ, მომხდარზე გამოიკითხა ნიკა მელიაც. შსს-ს თანამშრომლები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პოლიტიკოსის საკანში ისე შევიდნენ, რომ მისი ადვოკატები არც კი გაუფრთხილებიათ. 

  • ცნობისთვის, თავდასხმიდან 2 წლის შემდეგაც კი ნიკა მელიას დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო, უწყებას საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია. 

ადვოკატის განცხადებით, ისინი ვარაუდობენ, რომ ე.წ. ტიტუშკა "ქართული ოცნების" მიერ იყო მიგზავნილი, რის გამოც შსს-მ გამოძიება არასწორი, უფრო მსუბუქი მუხლით დაიწყო. 

2024 წლის 11 აგვისტოს, ქალაქ სამტრედიაში კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისის გახსნაზე, სადაც ნიკა მელია მართავდა შეხვედრას, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მასზე მოხდა თავდასხმა. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიებას არანაირი საგამოძიებო მოქმედებები 2 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებია, ჰოი საოცრებავ, ორი წლის შემდეგ იქ მყოფ პირებს, მაგალითად დღეს ერთ-ერთი პირი, გაბრიელ კობაიძეა დაბარებული გამოკითხვაზე, ასევე ჩუმად, დაახლოებით ორი კვირის წინ ნიკასთან შევიდნენ საკანში ისე, რომ ადვოკატებს არც კი გაგვაგებინეს ამის შესახებ და ფორმალურად გამოიკითხა ამ საქმესთან დაკავშირებით ნიკა მელიაც. ნიკას არანაირი დაზარალებულის სტატუსი ჯერჯერობით არ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, მისი გამოკითხვა მოხდა ფორმალურად, მოწმის სახით.

ჩემი ინფორმაციით, არანაირ ახალ გარემოებას ადგილი არ აქვს, პოლიციას უშუალოდ ეს პიროვნება, ვინც ძალადობა განახორციელა, დადგენილი ჰყავს, უბრალოდ ის არ არის პასუხისგებაში მიცემული და გვიკვირს რატომ. ასევე, როგორც მე მახსოვს 2024 წელს შსს-მ არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და როგორც მახსოვს ეს იყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი და არა ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელშეშლა, რაც უფრო მძიმე მუხლია და აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს ტიტუშკა იყო "ქართული ოცნების" მიერ მიგზავნილი, კონკრეტულად, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განხორციელებულიყო ის ფაქტი რეალურად რაც მოხდა, ამიტომ ყველაზე მსუბუქი ნორმით  დაიწყეს გამოძიება და ამ გამოძიებას ამიტომ ბოლო არ უჩანს და ამიტომ, ალბათ არც ექნება ბოლო," - ამბობს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები