ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა - მიხეილ სააკაშვილი

04.08.26 13:41
ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 5 აგვისტოს დაანონსებულ ყრილობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “აირჩევა დროებით მმართველობით ორგანოები და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების ბორდი.“

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობა” მოკლე ხანში ისევ განიმტკიცებს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს.

მისი თქმით, მიუხედავად კამათისა და ერთმანეთის მიმართ პიროვნული დამოკიდებულებებისა ბორდში დღევანდელი „ლიდერშიფი“ სრული შემადგენლობით უნდა იყოს წარმოდგენილი. 

“ხვალ არის “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების ბორდი.

რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან, ამ ბორდს მე ვუდგავარ სათავეში და ნანუკა არის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა და არაპარტიული შემადგენლობა გვჭირდება იმისთვის, რათა გვერდიდან დავინახოთ მოძრაობაში განსახორციელებელი ცვლილებები და ზუსტი რეკომენდაციები დავდოთ, სუბიექტური მომენტების გარეშე.

რაც შეეხება დროებით მმართველობას, ის იფუნქციონირებს 6 თვე, რეფორმათა ბორდის საბოლოოო რეკომენდაციებამდე და მათში წარმოდგენილი უნდა იყოს დღევანდელი „ლიდერშიფი“ სრული შემადგენლობით, მიუხედავად კამათისა და ერთმანეთის მიმართ პიროვნული დამოკიდებულებებისა.

ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა. ავიღოთ ყველამ მაგალითი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც პირადზე მაღლა, ყოველთვის საერთო ბრძოლის ინტერესებს აყენებს. აი ასეთი უნდა იყოს ნამდვილი პატრიოტი და პოლიტიკოსი.

“ნაციონალური მოძრაობა” ჩემი, ლევანის, სხვა გამოცდილი მებრძოლების ლიდერობით და ნანუკას დაუღალავი ენერგიის და იდეების დახმარებით (ბევრ რამეში ის ჩემს ადრეულ თავს მაგონებს) მოკლე ხანში ისევ განიმტკიცებს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს და მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე”, - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები