გლდანის ციხის უფროსი მოხსნეს

02.11.26 16:57
გლდანის ციხის უფროსი მოხსნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით,  №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 

უწყების ცნობით, აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით.

რამაზ ფირცხალავას გადადგომას პატიმრების ოჯახის წევრები ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად ითხოვენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 40 წლის კაცზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურად იძალადეს. 

დედა თავდასხმის ორგანიზატორებად ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწრომს“, ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და კიდევ ორმა პირს ასახელებს.