"ვერ ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან და ამიტომ უწევთ გაუგებრობების ლაპარაკი" - რას ამბობენ ექსპერტები კობახიძის განცხადებაზე

04.08.26 15:47
"ვერ ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან და ამიტომ უწევთ გაუგებრობების ლაპარაკი" - რას ამბობენ ექსპერტები კობახიძის განცხადებაზე

ექსპერტები ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტს ეხმიანებიან და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ვერ ამბობს იმას, რაც უნდა თქვან და ამიტომ უწევთ გაუგებრობების ლაპარაკი". 

  • ცნობისთვის, კობახიძემ ამჟამინდელი და წინა მთავრობის დროს რუსეთისადმი განწყობებზე ვრცელი განცხადება გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის ტექსტს "შინაარსი არ აქვს" და ნორმალური ქვეყნის, ნორმალურ მთავრობას ომის წლისთავის დღეებში გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის მიესამძიმრებინა, მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ადრე თუ გვიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დავბრუნდებით და მადლობა გადაეხადა შეიარაღებული ძალებისთვის და პარტნიორი ქვეყნებისთვის. 

ვერ ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან და ამიტომ უწევთ გაუგებრობების ლაპარაკი. კობახიძის ეს ტექსტი არის გაუგებრობა, შინაარსი არ აქვს. რა უნდა ეთქვა ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ნორმალურ მთავრობას ასეთ დროს, როცა ახლოვდება ასეთი ომის წლისთავი - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა მიუსამძიმროს გარდაცვლილებს, უნდა უთხრას მოსახლეობას, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ დავბრუნდებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა მოუხადო მადლობა შენ შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც ქვეყნის დაცვაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და ასევე მოუხადო მადლობა შენს მოკავშირეებს და მეგობრებს, მაგრამ რახან გამოცხადებული აქვს ომი საქართველომ დაიწყოო, მთლად ქართული ჯარის ამბავი, მთლად გამართული ვერ არის და საქართველოს მეგობრებიო, ყველა გამოაცხადა მტრებად და "დიფ სთეითის" აგენტებად. შესაბამისად ვერაფერს ვერ ამბობს და ამის ნაცვლად არის სიტყვების რახარუხი, რომელთაც შინაარსი არ აქვს," - განაცხადა შოთა უტიაშვილმა. 

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ საზოგადოება, "დიფ სთეითის" დავალებით, 2022 წლიდან აღშფოთდა, ტყუილია და ამის მაგალითი 2019 წელს გავრილოვის მასპინძლობა და შემდგომ თბილისში გამართული აქციებია. 

ამტკიცებს, რომ თითქოს რუსეთის წინააღმდეგ საზოგადოება "დიფ სთეითის" დავალებით 2022 წლიდან აღშფოთდა, რაც ტყუილია და ამის მაგალითი არის გავრილოვის მასპინძლობა ირაკლი კობახიძის მხრიდან და გამოსვლები თბილისში 2019 წლის ივნისში და მეორე "რუსოფობიის" ტერმინის შემოტანა, რომელიც აბსოლუტურად რუსეთის და კრემლის ნარატივია და ეს გამოყენებული იქნა სწორედ ამ გამოსვლების შემდგომ პირდაპირი ფრენების ასაკრძალად, როდესაც ეს გამოსვლები "რუსოფობიურ" პროვოკაციად შეაფასა კრემლმა. შესაბამისად ირაკლი კობახიძე ერთგულად აგრძელებს კრემლის ინტერესების წინსვლას საქართველოში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ," - ამბობს თეონა აქუბარდია.

"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი და პრეზიდენტის, გიორგი მელაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა აგვისტოს მძიმე დღეებში რუსეთის მაამებელი განცხადებების გაკეთება. 

"ქართული ოცნების" სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა აგვისტოს მძიმე დღეებში რუსეთის მაამებელი განცხადებების გაკეთება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იყენებს კრემლის მიერ შექმნილ პროპაგანდისტულ ტერმინებს, რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გასამართლებლად საქართველოში, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებსა, თუ ცენტრალურ აზიაში, რუსეთის საქმეს აკეთებს. "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ამით გაამართლოს საკუთარი სრულიად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს," - თქვა გიორგი მელაშვილმა. 

ასევე იხილეთ:

მსგავსი სიახლეები