ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებენ
ივნისის თვეში გვქონდა კარგი მაჩვენებელი - 8,6 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა. ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 7,9 პროცენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ისეთმა დარგებმა, როგორიც არის დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საფინანსო, სადაზღვევო სექტორი.
„ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პარალელურად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს თავიანთი პირვანდელი პროგნოზი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს შედეგები არის ერთი მხრივ, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე. ქვედა დონეზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა კორუფციასთან საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მართვის სისტემაში. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც, გარდა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს. მათი წარმატებული მუშაობის შედეგია ეს წარმატებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი.
„გასულ თვეში ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. წლიურ ჭრილში ჩვენი სავალუტო რეზერვები გაიზარდა 52 %-ით. ეს არის ეკონომიკური წარმატებისა და ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგი. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს მათი ძალისხმევისა და საქმიანობისთვის. ასევე მათი საქმიანობის შედეგია ის, რომ ლარის კურსი გამყარდა გასულ თვეებში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთლიანობაში ეს ტენდენციები შევინარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში“, - აღნიშნა მან.