თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა - დაასახელა სამი მიზეზი, რატომაც მისი თქმით, ღონისძიებას დაესწრება

05.08.26 15:04
თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა - დაასახელა სამი მიზეზი, რატომაც მისი თქმით, ღონისძიებას დაესწრება

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოცხადების სამი მიზეზი დაასახელა. 

სამი მიზეზით ვარ აქ,  უპირველესად მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც დელეგატები არიან ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მათ მომანიჭეს 2 წლის წინ, რათა 2 წელი მემსახურა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.

მეორე: თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, ახლა გაიგონ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირი თანამდებობას არ ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, ღირსება, სიმართლე და გამარჯვება, რომელიც უნდა მოვიპოვოთ.

მესამე მიზეზია ის, რომ მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას რომ მმართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - თქვა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, მან შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით დღესაც მიიღო, თუმცა მისი პოზიციაა, რომ ბრძოლა გააგრძელოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის სტატუსით. ბოკუჩავამ დასძინა, რომ ენმ-დან არსად წასვლას არ აპირებს. 

მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი.

ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ენმ რიგით  XIII ყრილობას  სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi -ში მართავს. 

პარტიის ლიდერების თქმით, დღევანდელ ყრილობაზე პარტიის დროებით მმართველ საბჭოს აირჩევენ, რომელიც 9 კაცისგან დაკომპლექტდდება, ხოლო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პირდაპირი გზით, 6 თვის შემდეგ გაიმართება. 

ამასთან, მუშაობას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების საბჭო, რომლის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიან იქნება. 

ფოტო: IPN.GE

მსგავსი სიახლეები