საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს - ირაკლი კობახიძე

05.08.26 15:52
საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს - ირაკლი კობახიძე

საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყოს ხელი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ნაურუს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას ირაკლი კობახიძე დღეს გამოეხმაურა. 

„21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი. საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს, რომელიც მუშაობს წარმატებული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისათვის”, – თქვა მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნაურუმ უკან გაიწვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ხოლო მანამდე რამდენიმე დღით ადრე მათთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.

მსგავსი სიახლეები