"მოვუწოდებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ გამოიძახეთ თურქეთის ელჩი საქართველოში" - შალვა ნათელაშვილი
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარის, შლავა ნათელაშვილის მტკიცებით, თურქეთის ქალაქ ანკარაში პარტიები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთდან და სოხუმთან ირდაპირი საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის დაწყების საკითხს განიხილავენ. ამასთან, პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ განიხილება მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და პასპორტების აღიარების საკითხიც.
შალვა ნათელაშვილი მაკა ბოჭორიშვილს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძახოს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და შექმნილ ვითარებაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვოს.
სანამ ოლიგარქიული დიქტატურა დაკავებულია საქართველოს არაბი8ზაციით, მილიარდების წაგლეჯვით, ოქროს პლიაჟებზე კოტრიალით, ხოლო დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა არც იციან, რა უნდა აკეთონ და რისთვის დაიბადნენ, ამასობაში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ამ წუთებში სამი საპარლამენტო პარტია იხილავს აფხაზეთთან, სოხუმთან, პირდაპირი საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის დაწყების საკითხს და ასევე განხილვაშია აფსუებისათვის პირადობის დოკუმენტებისა და პასპორტების მიმართ იურიდიული ძალმოსილების მინიჭება, ანუ ამ დოკუმენტების აღიარება, რაც ნიშნავს ე.წ. აფხაზეთის აღიარებას დე ფაქტო, პირველი ნაბიჯია ეს.
მე მოვუწოდებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ გამოიძახეთ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და მოსთხოვეთ ახსნა-განმარტება შექმნილ ვითარებაზე. დანარჩენზე მე გეტყვით რა უნდა გაკეთდეს და რა ზომები უნდა მივიღოთ, რათა პროცესი არ იქნას გაღრმავებული.
ამასწინათ კიდევ თურქეთის მმართველი პარტიის დეპუტატი უკვე გამოვიდა და განაცხადა, რომ თურქ მესხებს ჩვენ დავიცავთო. მე მინდა მას ვუპასუხო - თურქები დაიცავით თურქეთში და მესხებს, ანუ უმაღლესი ხარისხის ქართველებს, საქართველოში არავითარი დაცვა არ სჭირდებათ. ხოლო თუ ვიღაცას ახსოვს ისტორიული წარსული, ჩვენც გვახსოვს მიტაცებული ტაო-კლარჯეთი, ოშკი, ხახული, ბანა, ართვინი, არტანუჯი, სპერი, შავშეთი, რიზე, ხოფა, ტრაპიზონამდე და ჩვენც გვახსოვს მილიონობით გათურქებული ასიმილირებული ქართველი და ეს პროცესი დღესაც გრძელდება და ასევე, ტაო-კლარჯეთიდან მილიონობით აყრილი და გადასახლებული ქართველები თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში იმისათვის, რომ იქ ქართული თვითშეგნება საბოლოოდ მომსპარიყო.
ამიტომ პოლიტიკაში უნდა ვიყურებოდეთ წინ და არა უკან. ეს ეხება თურქ მეზობლებსაც და ყველა სხვა მეზობელს, მეგობარს, თუ არა მეგობარს. წინ ყურება ნიშნავს იმას, რომ სეპარატისტული, საოკუპაციო რეჟიმის, პუტინისგან მართვად მკვლელების რეჟიმი არ იქნას პირველ რიგში აღიარებული დედამიწაზე არსად, თანაც რეჟიმი, რომელთაც ქართველთა მოჭრილი თავებით გაგრის სტადიონზე ფეხბურთი ითამაშეს. მათი პასპორტების და პირადობების აღიარება ნიშნავს თანამონაწილეობას, ადამიანთა თავებით ფეხბურთის თამაშში, რისი სურვილი, მე დარწმუნებული ვარ, NATO-ს წევრს, დემოკრატიისაკენ მიმავალ თურქეთს ნამდვილად არ ექნება და ეს ინიციატივა მინდა ჩავთვალოთ, რომ ეკუთვნის რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიას და მას არ მიეცემა არავითარი გასაქანი და გავრცელება. სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ, ჩვენგან იქნება შესაბამისი და სათანადო პასუხები, მათ შორის სათანადო არენაზე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.