"დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა" - ირაკლი ფავლენიშვილი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელად არჩევაზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი განმარტავს, რა ფუნქცია ექნება თითოეულ საბჭოს პარტიაში.
მისი თქმით, პოლიტიკური საბჭო არის მმართველი ორგანო, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ის იღებს ძირითად გადაწყვეტილებებს და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.
ამასთან, მმართველობითი საბჭო, რომლის ხელმძღვანელადაც ის დღეს აირჩიეს, აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს და იღებს გადაწყვეტილებებს და "ფაქტობრივად მენეჯერული ფუნქციებითაც არის დაკავებული".
ასევე, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, არის კიდევ ერთი საბჭო - რეფორმების საბჭო, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი პოლიტიკური პროექტია.
"ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც უქადდნენ, რომ თურმე რაღაც პრობლემები აქვს, ყველა ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი განსაცდელის, ამდენი რეპრესიის, ამდენი კაცის დაპატიმრებისა, არსებობს ასეთი დუღილი, ამდენი პროექტი არსებობს. რეფორმების საბჭო არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი პოლიტიკური პროექტი, რომელიც ენმ-ს უკავშირდება, თუმცა გახლავთ პარტიაში არ მყოფი ადამიანების ჩართულობით შექმნილი ამბავი. ისინი იმ რეფორმებზე მუშაობენ, იმ იდეებზე მუშაობენ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს. საბოლოო ჯამში, ეს გახლავთ პოლიტიკური პროექტი, რომელიც უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას".
პოლიტიკური საბჭო არის მმართველი ორგანო, რომელიც ასე ვთქვათ არის წარმომადგენლობითი ორგანო, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ის ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, მაგრამ აღმასრულებელი ორგანო არის მმართველობითი საბჭო, რომლის ხელმძღვანელადაც ამირჩიეს, ეს არის ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჩემთვის არის მთავარი ანტი-საოკუპაციო ძალა ამ ქვეყანაში. რაც შეეხება განსხვავებას, მარტივია, პოლიტ საბჭო არის, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ვერც შეიკრიბება და რა თქმა უნდა, ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს და ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს. აღმასრულებელი საჭიროა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს და იღებს გადაწყვეტილებებს და რა თქმა უნდა, ფაქტობრივად მენეჯერული ფუნქციებითაც არის დაკავებული... ეს არის მმართველობითი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია 8 ადამიანით.
მათ შორის არის რეფორმების საბჭო, ეს არის პოლიტიკური პროექტი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული. ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე გასულია, ანაკლიაშია, აპირებს მთელი საქართველოს შემოვლას, პოზიტიური კამპანიის წარმოებას," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.