მოსამართლის შეურაცხყოფის საქმე - ნიკა მელიას განაჩენი ცნობილია
მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი გამოცხადდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა. საქმე ეხება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებას.
ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნული სასჯელი ნიკა მელიასთვის გამოტანილმა წინა განაჩენმა შთანთქა.
ადვოკატები მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მდგენელს უკავშირებენ და ამბობენ, რომ საქმეში იყო ცალსახა მტკიცებულება იმის, რომ ნიკა მელიას შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთქვამს.
სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო ცალსახა, პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა შეურაცხმყოფელი სიტყვების ავტორს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ნიკა მელია ცნო დამნაშავედ სასამართლოს შეურაცხყოფაში.
სასჯელად განუსაზღვრა წელიწადი და ექვსი თვე, თუმცა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ნიკას ამ სასჯელის ათვლა დაიწყება 2025 წლის 20 ივნისიდან. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი არ დაემატა და იგი, თუკი მომავალში რაიმე ახალი სიურპრიზი არ იქნება, საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს”, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
მტკიცებულების არ არსებობაზე საუბრობს მეორე ადვოკატი, ბექა კვინიკაძეც, მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ “ხმა ნიკა მელიას არ ეკუთვნის.“
მიუხედავად იმის, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იყო, პირიქით, დასკვნით სიტყვაში ექსპერტიზის დასკვნის ციტირება მოახდინა პროკურორმა, სადაც წერია, რომ ეს ხმა არ ეკუთვნის ნიკა მელიას და ეს სამ ასოიანი სიტყვა არ წარმოუთქვამს მას, მიუხედავად ამის, როგორც ჩანს, დღეს პოლიტიკურმა მდგენელმა გადაწყვიტა ის, რომ ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენი და ამიტომაც იყო, - განაცხადა ბექა კვინიკაძემ.
ნიკა მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს. დღევანდელ სასამართლო სხდომას პოლიტიკოსი არ დასწრებია.
შეგახსენებთ, პოლიტიკოსს 2025 წლის 26 ნოემბერს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე 1.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მანამდე პოლიტიკოსს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.