რუსოფობიაზე კობახიძის შემდეგ, ივანიშვილის ფილოსოფოსად მიჩნეული კაციც საუბრობს
აგვისტოს ომის 18 წლის თავამდე რამდენიმე საათით ადრე, ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფად მიჩნეული, ზაზა შათირიშვილი რუსოფობიის შესახებ წერს. შათირიშვილი ამტკიცებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ განწყობებს არარსებული “დიფ სთეითი“ აღრმავებს.
მისივე მტკიცებით, სწორედ “დიფ სთეითი“ იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ.
უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, საკუთარი პროპაგანდით და ზეწოლის მთელი რიგი სხვა ინსტრუმენტებით „დიფ სთეითმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსოფობია უმაღლეს ნიშნულზე აეყვანა, რითაც ევროპელებს ჩაუკეტეს წვდომა რუსულ გაზსა და ნავთობზე, ანუ იაფ ენერგორესურსებზე. მეტიც, ამ პროპაგანდის შედეგად დადგა მოცემულობა, რომ ევროპელებს აღარც რუსი ტურისტების მიღება სურთ და ლამის დოსტოევსკიც აკრძალონ. ეს ყველაფერი კი იმაზე დიდ მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე ეს შეიძლება მავანს წარმოედგინოს – რუსულ, იაფ ენერგორესურსებზე წვდომის შეზღუდვით „დიფ სთეითმა“ შეძლო როგორც რუსეთის, ისე ევროპის ეკონომიკის დასუსტება, შესაბამისად, ამ უკანასკნელს სხვა გზას აღარ დაუტოვებენ გარდა იმისა, რომ პირდაპირ ჩაერთოს ომში.
სწორედ აქ უნდა ვეძიოთ პასუხი კითხვაზე: რატომ არ დაიწყო რუსოფობიის წამლეკავი ტალღა 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და რატომ დაიწყო ის სწორედ ახლა? ფაქტია, რომ ამ დონის ნარატივის გასავრცელებლად და დასამკვიდრებლად „დიფ სთეითისთვის“ საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენები საკმარისი მასშტაბის არ იყო. ომი რამდენიმე დღეში დასრულდა და არც მისი ექო იყო ისეთი ხმაურიანი, როგორც 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადგან „დიფ სთეითისვე“ ძალისხმევით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა მთელი კონტინენტი მოიცვა“, – აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის აზრების გამხმოვანებლად მიჩნეული კაცის ახალ ანტი დასავლურ გზავნილს “ოცნებაში“ იზიარებენ და უერთდებიან.
მმართველ გუნდშიც ამტკიცებენ, რომ “დიფ სთეითი“ და კონკრეტული ძალები რუსეთის გაშავებას ცდილობენ.
ანტირსული განწყობების მაქსიმალური შექმნა მოხდა მხოლოდ რუსეთის აგრესიის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ. როდესაც ზუსტად ანალოგიური გააკეთა რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში, სამწუხროდ, ჩვენ ვიხილეთ აშშ-ის გადატვირთული ურთიერთობები რუსეთთან და ევროკავშირის წამყვანი ლიდერები რამდენიმე თვეში აღლუმზე პუტინთან ერთად, მოსკოვში. “დიფ სთეითმა“ რუსეთის გაშავება დაიწყო მაშინ, როცა ეს დასჭირდათ, არდ აჭირდათ იმ დროს, როდესაც ჩვენთან ტრიალებდა ტრაგედია და ქართველების სისხლი იღვრებოდა. უბედურება ის არის, მაშინ ხელისუფლებაში რომ იყო ეს აგენტურული ოპოზიცია, მაშნ დიფ სთეითის დავალებების მიხედვით, პრობლემა რუსეთთან არ ქონდათ. პრობლემა მაშინ შეექმნათ რუსეთთან, როდესაც უკრაინაში შეიჭრა. კი ესეც მსგავსი ტრაგედიია, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავიდან გამოვდივართ ხო,- ამბობს მაჭავარიანი.
იგივეს ამბობს “ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ლევან მახაშვილი და ამტკიცებს, რომ “რუსების ლანძღვა ტრენდული მხოლოდ 2022 წლის შემდეგ გახდა და არა 2008 წლის ომის შედმეგ“
რუსეთი როგორც ბუა, როგორც ცუდი და რუსები-როგორც ცუდები, განსაკუთრებით პოპულარული და ტრენდული 2022 წლის შემდგომ გახდა. ამ ზღვის ქიმზე სცადა ნაციონალურმა მოძრაობამ მოქცევა, სინამდვილეში, წლების პრაქტიკაც ამას აჩვენებს, რას აკეთებდნენ 2008 წლის ომის შემდგომ, რა გადაწყვეტილებები მიიღეს იმისთვის, რომ ფიანდაზები დაეგოთ რუსების და რუსეთისთვის, - აცხადებს ლევან მახაშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყეს.
უწყება წერს, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტანგარიშებით მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.