ნიკო კვარაცხელიას დედა არ გამორიცხავს, რომ შვილის მკვლელობა სისტემიდან დაუკვეთეს

06.08.26 15:48
ნიკო კვარაცხელიას დედა არ გამორიცხავს, რომ შვილის მკვლელობა სისტემიდან დაუკვეთეს

სისტემამ ნიკო კვარაცხელიას საქმის ფიგურანტები ხელის გულზე ატარა არაერთი წელი - ამის შესახებ 5 წლის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს და თბილისში მოკლული მასწავლებლის საქმის ირგვლივ მიმდინარე ვნებათაღელვას ეხმიანება. 

ომაძე არ გამორიცხავს არც იმას, რომ შვილის მკვლელობა სისტემის წარმომადგენლების მხრიდან იყო შეკვეთილი. 

კვარაცხელიას დედა, გიგა ავალიანის მშობელს სოლიდარობას უცხადებს.

"მეგობრებო, ნუ განგვიკითხავთ შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას"- დაწერა მან სოციალურ ქსელში. 

მეგობრებო, ნუ განგვიკითხავთ შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ  ერთად სისტემას, რომელმაც  ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა და არაფერი გააკეთა მათ სწორ გზაზე დასაყენებლად… 

მეტსაც გეტყვით, პირადი ტრაგედიიდან, ნიკო კვარაცხელიას საქმის ფიგურანტები  ხელის გულზე ატარა არაერთი წელი! ხომ არ იცით რატომ?! იქნებ იმიტომ, რომ თავად დაუკვეთეს?!
ასეა ეს!

არ გამოიძია დროულად და ყველაფერი გააკეთა ჩასაფარცხად! 
შვილის სიცოცხლე არ იყიდება!
ვერ შევეგუები უსამართლობას!

მაგრამ მხოლოდ კანონის ფარგლებში! ამიტომ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა!

ქალბატონ ეკას ვუსურვებ ისევ და ისევ გაძლებას, გიგას სახელის უკვდავსაყოფად.
ჩახედეთ ჩემს ნიკოს თვალებში და ისე გააგრძელეთ საქმე!"- წერს ომაძე. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა. 

  • კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

  • ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.