კობახიძემ ოპოზიცია რუსოფობებად გამოაცხადა

06.08.26 16:27
კობახიძემ ოპოზიცია რუსოფობებად გამოაცხადა

ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
მისი თქმით, ყოველ ჯერზე, ტურისტულ სეზონზე, ისინი ააქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი -ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ჩემი წერილი ეფუძნებოდა ძალიან მარტივ, მშრალ ფაქტებს. ყველას გვახსოვს, რა იყო წინა ხელისუფლების მიდგომა 2008-2012 წლებში. როგორი სიამაყით საუბრობდნენ ისინი იმასთან დაკავშირებით, რომ კარს უხსნიდნენ რუს ტურისტებს, რუსულ ბიზნესს საქართველოში და ა.შ. ამაზე საუბრობდნენ, მათ შორის, მთავარი რუსოფობები, ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, იგივე ხოშტარია, იგივე ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი საუბრობდა ამ ყველაფერზე და სხვები. ისინი ღიად საუბრობდნენ ამაზე, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები. ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, უშუალოდ, ტურიზმთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ რუსოფობიური კამპანიის რამდენიმე ტალღა, მაგალითად, 2022 წელს, ომის დაწყებისთანავე, როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, როცა იყო ტურისტული სეზონი.

ყოველ ჯერზე, ტურისტულ სეზონზე, ისინი ააქტიურებენ ამ კამპანიას, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი – ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს უბრალოდ, არ აქვს, მათ შორის, ამ ტრანსფორმაციას, როდესაც 2008 წლის შემდეგ შენთვის მისაღები იყო რუსული ტურიზმიც, რუსული კულტურაც, რუსული ბიზნესიც და მაშინ სრულიად ახალი მომხდარი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის ჯარისკაცები, პოლიციელები, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ, უამრავი ადამიანი დაიჭრა, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად და მათთვის მაშინ ყველაფერი რუსული იყო აბსოლუტურად მისაღები და ამაზე თამამად და სიამაყით საუბრობდნენ და რეალურად რუსეთი საქართველოს ნამდვილი ოკუპანტი გახდა უკრაინის ოკუპაციის შემდეგ, რაც არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი, მაგრამ ღიმილისმომგვრელზე მეტად ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს – რომ რასაც ეტყვიან ამ აგენტებს, იმას აკეთებენ. 2008-2012 წლებში ამ აგენტურას დავალებული ჰქონდა ასეთი რიტორიკით საუბარი რუსეთთან დაკავშირებით და 2022 წლის შემდეგ მათ დავალებული აქვთ განსხვავებული რიტორიკით საუბარი. რაც არის ცხადზე უცხადესი. ეს ყველაფერი მიანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ ეს ხალხი არის ჩვეულებრივი აგენტურა და ისინი მოქმედებენ მხოლოდ გარე პატრონების დავალებით, საკუთარი ფორმალური სამშობლოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

აგვისტოს ომის 18 წლის თავამდე რამდენიმე საათით ადრე, ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფად მიჩნეულმა,  ზაზა შათირიშვილმა რუსოფობიის შესახებ დაწერა. შათირიშვილი ამტკიცებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ განწყობებს არარსებული “დიფ სთეითი“ აღრმავებს.

მისივე მტკიცებით, სწორედ “დიფ სთეითი“ იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ.

მანამდე, კობახიძემ რუსული ინტერვენციის 18 წლის თავზე ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე და "რუსიფობიაზე" ისაუბრა.

ასევე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მათი თქმით, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყეს.

უწყება წერს, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტანგარიშებით მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.