"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ანდრეი სიბიგა
"არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს" - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა და აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წლის დაწყებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2008 წელს ქართული მიწების აგრესიამ და ოკუპაციამ, ასევე დაუნდობელმა მცოცავმა ანექსიამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გზა გაუხსნა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის.
თვრამეტი წლის წინ რუსული ძალები სასტიკად შეიჭრნენ სუვერენულ საქართველოში, დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი - ეს მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც სხვა ერებისა და ხალხების დამორჩილებაა.
2008 წელს ქართული მიწების აგრესიამ და ოკუპაციამ, ასევე დაუნდობელმა მცოცავმა ანექსიამ პირდაპირ გაუხსნა გზა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.
არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც "რუსულ სამყაროს", რომელსაც მხოლოდ ნგრევა, სიღარიბე და ადამიანის უფლებების დარღვევა მოაქვს ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული ანგარიშვალდებულება რუსული დანაშაულებისთვის," - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
- აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
- ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
- საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
- 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
- რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.