"პუტინის რუსეთის ამოცანა საქართველოს დამორჩილება იყო... ახლაც იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ" - თამარ ჩერგოლეიშვილი
პარტია "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა.
მისი თქმით, პუტინის რუსეთის ამოცანა არა აფხაზეთისა და ცხინვალის დაპყრობა, არამედ საქართველოს დამორჩილება იყო.
თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ განსვენებული გმირები გვახსენებენ, რომ წინააღმდეგობას აზრი აქვს - "წინააღმდეგობის შედეგად ჩვენ შევინარჩუნეთ მაშინ დამოუკიდებლობა და ახლაც იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ".
თვრამეტი წლის წინ ამ დღეს პუტინის რუსეთი თავს დაესხა ჩვენ ქვეყანას. მისი ამოცანა, ცხადია, არ ყოფილა აფხაზეთის და ცხინვალის დაპყრობა, მისი ამოცანა საქართველოს დამორჩილება იყო და აქ განსვენებული გმირები ზუსტად იმას გვახსენებენ, რომ წინააღმდეგობას აზრი აქვს, წინააღმდეგობის შედეგად ჩვენ შევინარჩუნეთ მაშინ დამოუკიდებლობა და ახლაც იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ახლაც ჩვენი დამოუკიდებლობა არის საფრთხეში," - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილი.
- აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
- ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
- საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
- 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
- რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.