"სამწუხაროა, რომ თვრამეტი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის" - შალვა კერესელიძე

07.08.26 15:44
"სამწუხაროა, რომ თვრამეტი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის" - შალვა კერესელიძე

"სამწუხაროა, რომ თვრამეტი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა. 

ის აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. 

ძალიან სამწუხაროა, რომ თვრამეტი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის, კვლავ გვიწევს ბრძოლა საქართველოს ერთიანობისთვის და სამწუხარო არის ის, რომ კვლავ გვიწევს დავა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყო მი, 7 აგვისტოს, თუ 8 აგვისტოს. დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა ვფიქრობდეთ, ვდაობდეთ, ვკამათობდეთ და ვმსჯელობდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მხოხავი ოკუპაცია, როგორ ავიცილოთ თავიდან ანექსია," - ამბობს შალვა კერესელიძე.

  • აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
  • ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
  • საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
  • 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 
  • რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.