ტყუილია, ალიანსიდან ენმ არავის გაურიცხავს - ნიკა გვარამია

05.11.26 22:32
ტყუილია, ალიანსიდან ენმ არავის გაურიცხავს  - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ "ტყუილია" ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს. 

მისი თქმით, ალიანსიდან გარიცხვას თავისი პროცედურები აქვს და ეს მათ მინიმუმ წინასწარ ეცოდინებოდათ. 

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტყუილია, გარიცხვას აქვს თავისი პროცედურა, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. საკითხიც კი არ დაუყენებია არავის - ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს არ არის ცნობილი. ჯერ ერთი "ნაციონალური მოძრაობა" გაიგებდა მისი გარიცხვის პროცედურები რომ დაწყებულიყო და იქ იქნებოდა წარმოდგენილი, ყოველ შემთხვევაში დაუძახებდნენ. ამის გარდა, რათ მინდა სპეკულაცია, ჩემი ყურით მაქვს გაგებული, თუ არ ვცდები TV პირველის ეთერში, ირაკლი ფავლენიშვილმა თქვა თავად და ჩვენ ამის შემდეგ გავიგეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გავიდა - მან თქვა, რომ ჩვენ გავედით, აღარ არის ჩვენი ინტერესი"- აცხადებს ნიკა გვარამია. 

"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ გუშინ,  4 ნომებერს თქვა, რომ ენმ ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს -  განცხადება პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიასთან გააკეთა.

წითლიძე განმარტავს, რომ ალიანსის დატოვების გადაწყვეტილება ენმ-ს თავად არ მიუღია. 

ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა 2 დღის წინ Facebook გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.

ამის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ენმ-ს დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა  და თქვა, რომ პარტია ბოლო პერიოდში ალიანსთან დაკავშირებით არცერთ აქტივობაში არ იღებს მონაწილეობს.

რა თქვა ფავლენიშვილმა:

  • "ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ ამ ალიანსში თავს ვეღარ ვხედავდით და აღარ ვიყავით ამ ალიანსის წევრი. საჯაროდ არის ხელმისაწვდომი განცხადებებიც, ამიტომ შეგიძლიათ, ნახოთ. მარტო ჩემი განცხადების იმედად რომ არ იყოთ, ზოგადად ძალიან ბავშვურია იმაზე საუბარი, რომ მე გამოვრიცხე. ბოლო თვეების განმავლობაში აღარ ვიღებთ მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში და საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით.
  • ჩვენს გარიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, ჯერ ბავშვურია ეს მსჯელობა, რომ ახლა თურმე პოლიტიკურად ვიღაცებმა უნდა თქვან, რომ ჩვენ გავირიცხეთ. მოცემულობა მარტივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში აღარ იყო. აღარ მონაწილეობდა არანაირ ფორმატში და, მათ შორის, საჯარო განცხადებებშიც ვამბობდით, რომ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. ჰოდა, არ ვიცი, ახლა მეტი რა დემონსტრაცია უნდა მომხდარიყო იმისა, რომ ალიანსის წევრები ჩვენი ნებით აღარ ვიყავით. რა თქმა უნდა, ვისაც საღი აზრი აქვს, ვინც საღ აზრზე არის და არ არის უკიდურესად ტენდენციური, ის ამას დაინახავდა“, -აღნიშნა ფავლენიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები