"მიმიფურთხებია ყველა "არაქართველისთვის" - ვინც საქართველოს მტერზე ჰყიდის" - ლევან ხაბეიშვილი

07.08.26 18:52
"მიმიფურთხებია ყველა "არაქართველისთვის" - ვინც საქართველოს მტერზე ჰყიდის" - ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით​ ციხიდან წერილს ავრცელებს

დაკავებული პოლიტიკოსი პირობას დებს, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე მოემსახურება დაღუპული გმირების "ნაოცნებარ სამშობლოს!"

ჩვენი ბიჭები, ჩვენი ძმები, ჩვენი გმირების დიდება იყოს! 
ქედს ვიხრი, მუხლმოდრეკით, მათ საფლავზე მინდა დავდო პირობა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე მოვემსახურები თქვენს ნაოცნებარ სამშობლოს! მოვემსახურები საქართველოს! 
მიმიფურთხებია ყველა „არაქართველისთვის“ - ვინც თქვენს სისხლს არ აფასებს, ვინც რუსების წინაშე, ფეხებთან გორაობს და ჩვენს საქართველოს მტერზე ჰყიდის!
ვაი, იმ ქართველად წოდებულს, ვინც ამბობს რომ თქვენ გმირები კი არა, პიარს შეწირულები ხართ - მიმიფურთხებია ასეთი კაცისთვის! 
დიდება თქვენს სულებს! დიდება თქვენს დანატოვარს! 
ხორცი მეწვის თქვენი თავდადების დანატოვარზე და ამაყი ვარ, რომ თქვენი ჯიშის ვარ! თქვენს სულებს და ძვლებს ვენაცვალე ბიჭებო! 
თქვენი შვილები, დანატოვარი მოესწრება ტერორისტული რუსეთის დაცემას, რაც არც ისე შორს არის - ჩვენი ძმების, უკრაინელების და იქ მებრძოლი ქართველების მეცადინეობით! 
პირველად არ შემიძლია თქვენს საფლავზე მოვიდე და მუხლი მოვიყარო - მაპატიეთ, ძმებო! 
ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს!" - წერს ლევან ხაბეიშვილი. 

  • აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
  • ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
  • საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
  • 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 
  • რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

მსგავსი სიახლეები