"ოცნება“ ომის დაწყებაში პასუხისმგებლობას ისევ წინა ხელისუფლებას აკისრებს

08.08.26 12:25
"ოცნება“  ომის დაწყებაში პასუხისმგებლობას ისევ წინა ხელისუფლებას აკისრებს

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს - რუსული აგრესიის მე-18 წლისთავზე პარტიის ლიდერები ომში დაღუპულთა მემორიალთან დღეს, 8 აგვისტოს გამოჩნდნენ.

  • ოპოზიციური პარტიები გმირების მ მემორიალთან 7 აგვისტოს მიდიან. მათი თქმით 8 აგვისტოს ომის დაწყების მტკიცება რუსეთის ინტერესებში შედის - 7 აგვისტოს, პირველი რუსული შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის ლიდერები ცდილობენ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება საქართველოსგან გამიჯნონ.

  • 2024 წლის სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლებს “ომის გამჩაღებლები” უწოდა.

7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი - თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დღეს და დასძინა: "ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს".

მისივე მტკიცებით, "რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა". 

"ქართული ოცების" ლიდერის თქმით, სააკაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ იმ ფაქტის შემდეგ, „როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“.

„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი", - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" ლიდერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ქვეყნის ღალატში" დაადანაშაულა. 

"ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას"- აღნიშნა მან. 

ჟურნალისტებმა ამის შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერს ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რაზეც კობახიძემ თქვა: 

„ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა, როდესაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ოკუპაციას, იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, რაც შემდგარი ფაქტია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მთავარია, რომ ჩვენ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ.

„რეზოლუციაში სააკაშვილის რეჟიმი არ წერია სამწუხაროდ, ქართული მხარე წერია, მაგრამ მე სხვანაირად ვციტირებ - მანამდე ეს წერია, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს - კონფლიქტი ომში გადაიზარდა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ეს წერია სიტყვასიტყვით ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც სამარცხვინოდ ხელი მოაწერეს. მერე სხვა სიტყვებიც წერია, საუბარია იქ რუსეთის პასუხზე. ცხინვალის დაბომბვას მოჰყვა რუსეთის პასუხი და ამას ხელი მოაწერეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები