კობახიძე ამბობს, რომ აქვს "კონკრეტული მიზეზი", რატომ ჩაბნელდა ქვეყანა სამივე შემთხვევაში
ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით ჩაღრმავება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - ეს იყო კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები ენგურჰესზე.
“ჩვენ წინასწარი ინფორმაცია საკმარისზე მეტი გვაქვს. მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - ეს იყო კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წარმოებდა ენგურჰესზე. მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გამოწვევაა, სისტემა არის მდგრადი და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სისტემის მდგრადობა იყოს შენარჩუნებული.
საბოლოო შესწავლა როგორც კი იქნება, მაშინვე წარვუდგენთ საზოგადოებას. უნდა დაველოდოთ ბოლომდე საკითხის შესწავლას, ოფიციალურ ინფორმაციას და ამის შემდეგ საზოგადოებას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, შეიძლება საერთოდ არ იყოს საბოტაჟთან საქმე, როცა ბოლომდე გაირკვევა ყველაფერი, მაშინ გავუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციას,”- აღნიშნა კობახიძემ.
24-25 ივლისის შემდეგ, ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 აგვისტოსაც გაითიშა. ბოლო ჩაბნელებამდე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ხელმძღვანელი, ვანო ზარდიაშვილი შეიცვალა.
ბოლო გათიშვისას სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო.
რაც შეეხება 24-25 ივლისის მომხდარს, მიზეზებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებენ.