ივანიშვილს ისრაელთან ურთიერთობების დარეგულირება არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ვაშინგტონისთვის სჭირდება - ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს იმიტომ შეხვდა, რომ მათთან ურთიერთობის დაძაბვას პრობლემად მიიჩნევს, ხოლო ევროკავშირის ელჩს იმიტომ არ ხვდება, რომ EU-თან ურთიერთობა მისთვის სტრატეგიული პრობლემა არ არის.
ხიდაშელის თქმით, ივანიშვილს ძალიან სჭირდება ისრაელთან ურთიერთობების დარეგულირება არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ვაშინგტონისთვის.
ჩვენ არ გვინახავს მაგალითად ბატონი ივანიშვილი ევროკავშირის ელჩ, ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე, დიდი ხანია. არ გვინახავს, იმიტომ რომ ის არ მიიჩნევს ევროკავშირთან ურთიერთობას რაიმე ტიპის სტრატეგიულ პრობლემად, მაგრამ ისრაელთან ვითარების დაძაბვას მიიჩნევს ის პრობლემად. მას ძალიან სჭირდება ისრაელთან ურთიერთობების დარეგულირება არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ვაშინგტონისთვის. ვფიქრობ, ლოგიკური და გასაგებია, რომ ის პირადად, საზოგადოებისთვის აღსაქმელად გამოჩნდა ამ შეხვედრაზე და ინფორმაციაც გაავრცელეს, - ამბობს თინა ხიდაშელი.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის და ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.
როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.