“ოცნებაში“ ამბობენ, რომ ივანიშვილთან შეხვედრა თავად ისრაელის ელჩს სურდა
“ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი, თავად ისრაელის ელჩმა გამოთქვა, რაზედაც “ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ უარი არ თქვა.
რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ “ამ თემაზე მეტი ინფორმაცია არ აქვს“.
რაც თქვენ გაქვთ, ეგ მაქვს მეც, - უთხრა მან ჟურნალისტს.
მე რამდენადაც ვიცი, საჯარო წყაროებიდან, ელჩს ჰქონდა სურვილი შეხვედრის და შეხვდა, ვისთანაც სურვილი ჰქონდა, მეტი ინფორმაცია, რაც თქვენ გაქვთ, ეგ მაქვს მეც. მას ჰქონდა სურვილი ბიძინა ივანიშვილთა შეხვედრის, - თქვა ქადაგიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ შეხვდა სხვა ელჩებს, რომლებმაც მანამდე გამოთქვეს სურვილი ივანიშვილს შეხვედროდნენ, ქადაგიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:
რა გიყოთ, როგორ ვიმკითხაო მე აბა, ერთს ჰქონდა სურვილი, მეორე მხარე დათანხმდა და შეხვდა.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის და ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.
როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.