“ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს? - უილსონი
„ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როგორც ეჭვობდნენ ირანელი ტერორისტები ქართულ კომპანიებს ამერიკული ინტერესებისთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ.
“როგორც ვეჭვობდით, ირანელი ტერორისტები ქართულ კომპანიებს სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ფულის გასათეთრებლად და ამერიკული ინტერესებისთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ. “ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს?” - წერს უილსონი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დაფუძნებული კომპანია დაასანქცირა. სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სამიზნე კრიპტოკომპანიები გახდა, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.
ოფიციალურ განცხადებაში ნახსენებია ირანში დაბადებული ბიზნესმენი სიავაშ კეივანპური, რომელიც განცხადების თანახმად, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, SHPS Shelbit-ის მეშვეობით კრიპტოვალუტის ბირჟა Shelbit Exchange-ს მართავს.
- უწყების ინფორმაციით, IRGC-ის კუთვნილი კრიპტოვალუტის მისამართებიდან Shelbit Exchange-ის მისამართებზე $1 მილიონზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივებია გადარიცხული, ხოლო Shelbit-ის მისამართებიდან IRGC-ის კრიპტოვალუტის მისამართებზე $2 მილიონზე მეტი გადაიგზავნა.
- ფინანსთა სამინისტროს ცნობითვე, კეივანპურის კუთვნილი ან მის მიერ კონტროლირებული კრიპტოვალუტის მისამართებიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა Nobitex-ზე, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული ირანული კრიპტოვალუტის ბირჟაა.
- შესაბამისმა სამსახურებმა გაარკვიეს ისიც, რომ Shelbit-ის მეშვეობით სპარსულენოვან ონლაინ-აზარტული თამაშების ქსელთან დაკავშირებული ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები გათეთრდა.