"გვაქვს გემრიელი სამზარეულო და კარგი ღვინო, ამიტომ ჩამოდით" - კახა კალაძე რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში გამოჩნდა

10.08.26 13:29
"გვაქვს გემრიელი სამზარეულო და კარგი ღვინო, ამიტომ ჩამოდით" - კახა  კალაძე რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში გამოჩნდა

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში, რომელიც ტელეგრამ არხზე აქტიურად ვრცელდება,  შემთხვევით მოხვდა. არადა კადრებში ჩანს, რომ სასტუმროს ფოიეში ჩამომჯდარ თბილისის მერს რუსი ბლოგერები ორი კამერით იღებენ, სადაც ის რუსებს საქართველოში ეპატიჟება.

"გვაქვს გემრიელი სამზრეულო და კარგი ღვინო" - ამბობს “ოცნების“ ლიდერი და ქართულ კერძებსა და მის კალორიულობაზე საუბრობს.

რუსი ბლოგერი: საქართველოში სტუმრებს ასეთი სითბოთი ეპყრობიან, თქვენთვის რას ნიშნავს ქართული სტუმართმოყვარეობა?

კალაძე: ქართველისთვის სტუმარი ღვთისგან არის მოვლენილი, ამიტომ სულ გვიხარია, როდესაც ჩამოდიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტატისტიკას თუ ნახავთ, ყოველდღიურად იზრდება საქართველოში ჩამომსვლელთა რიცხვი. მეც ძალიან მიხარია, რომ ტურისტებს მოსწონთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ, იცით?! თქვენც ყვებოდით ახლა, როცა სასატუმროში შემოდიოდით, პატარა ისტორიაა, მაგრამ სასიამოვნოა. ამიტომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენ გვაქვს ღვინო, ძალიან გემრიელი ქართული სამზარეულო, ამიტომ ჩამოდით, ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით.

რუსი ბლოგერი: რადგან სამზარეულო ახსენეთ, ჩვენ ის ძალიან გვიყავრს და ყოველთვის რამდენიმე კილოგრამს ვიმატებთ, გაქვთ თქვენი საყვარელი კერძი, რომელსაც ტურისტებს ურჩევდით, გარდა იმ პოპულაური კერძებისა, რომელიც ყველამ იცის? 

კალაძე: თქვენ რომ თქვით ახალ ზედმეტი კილოგრამები, ეს ყოველთვის პრობლემაა. თუ თქვენ რეგულარულად მიირთმევთ ქართულ კერძებს, იქ ძალიან ბევრი კალორიაა და წონის კონტროლიც რთულია. მე მაგალიტად ძალიან მიყვარს ხინკალი, ქაბაბი, იმერული და აჭარული ხაჭაპური, წითელი ღვინო. მე არ ვსვამ ბევრ ღვინოს, მაგრამ 1 ჭიქა წითელი ღვინო ორგანიზმისთვის ძალიან აკრგია. ჩამოდით საქართველოში, თბილისში, ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით

კალაძის თქმით, ის სამუშაოებზე იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ და ყავის ასაღებად შესულს შემთხვევით შეხვდა.

“არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ ჟურნალისტი. რამდენიმე დღის წინ, მუნიციპალიტეტის სამუშაოებზე ვიმყოფებოდი. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში ყავის საყიდლად შევედი. აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს. მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და შეკითხვები დამისვა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ახლაც ვიტყვი, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა. რუსი იქნება, უკრაინელი, იტალიელი, ამერიკელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველას შეუძლია ჩამოსვლა და სასიამოვნო დღეების გატარება. ისინი დახარჯავენ ფულს, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას და იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ”, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, ინტერვიუში რატომ საუბრობს ის ბლოგერთან მხოლოდ ქართულ სამზარეულოზე და არა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებზე, კახა კალაძის თქმით, “ტრადიციული საჭმელების გარდა, ჩვენ ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს“.

“შეკითხვა შეეხებოდა სტუმარმასპინძლობას და მეც ვუპასუხე. რა თქმა უნდა, ტრადიციული საჭმელების გარდა, ჩვენ ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო და ამიტომ აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ინტერესი. მათ შორის ჩვენი სამზარეულო და ქართული ღვინო სარგებლობს დიდი პოპულარობით, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის, ადათ-წესების ნაწილი”, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები