ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას - კალაძე აგვისტოს ომზე
ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ციტირება მოახდინა იმის, რაც რეზოლუციაში წერია - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ, მუხათგვერდის სასაფლაოზე გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "რაც 8 აგვისტოს მოხდა, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია და ყველა მოღალატემ და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს":
ირაკლი კობახიძემ ციტირება გააკეთა იმისა, რაც რეზოლუციაში წერია. არაფერი სხვა არ თქმულა. რეზოლუციაზე ხელია მოწერილი. ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, რაც მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა იკადრა და გააკეთა. რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა. არსებობს კონკრეტული ვიდეო-კადრები, არსებობს ბრძანებები, რომელსაც სააკაშვილი აწერდა ხელს“ - თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის წევრმა" ვიკა ფილფანმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება იმიტომ, რომ მან "ომის დაწყება ქართულ მხარეს" დააბრალა.
8 აგვისტოს მუხათგევრდის სასაფლაოზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ომის დაწყებაში "სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს" ადანაშაულებენ.
"ქართული ოცნების" ლიდერის მტკიცებით, 8 აგვისტოს ქვეყანაში შემოვიდა რუსული ჯარი, ხოლო "7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი."
კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გამოეხმაურა და თქვა, რომ ომზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ "სააკაშვილის რეჟიმს", არამედ "ქვეყანას უნდა დაეკისროს".