ირაკლი კობახიძემ რუსეთს მტერი არ უწოდა

11.08.26 13:30
ირაკლი კობახიძემ რუსეთს მტერი არ უწოდა

ირაკლი კობახიძემ რუსეთს მტერი არ უწოდა - გორში, შინდისის გმირების მემორიალთან ჩასული მთავრობის მეთაური  ირწმუნებოდა, რომ თუკი  იტყვის, რომ რუსეთი მტერია, მაშინ მედიაში გაჩნდება "ჰედლაინები", რომ მან რუსეთს მტერი უწოდა - ეს კი "ოცნების" ლიდერის თქმით, ისეთი პოლიტიკური განაცხადია, რომელიც "ნაბიჯებსაც მოითხოვს".

ეს თქვენი სამარცხვინო შეკითხვები, სასაცილოები ხართ. რატომ არის სამარცხვინო გეტყვით, თქვენ ძალიან მარტივად გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, იგივე თუნდაც რუსულ მედიაში იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო. თქვენ რომ გესმოდეთ, ეს არის ისეთი პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო - ზუსტად ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს და 2008 წლამდე. კარგად უნდა გესმოდეთ ეს და თუ გაიგებთ, ასეთ სამარცხვინო შეკითხვებს აღარ დასვამთ. 

"არის თუ არა რუსეთი მტერი?" - ამ ერთმა კითხვამ "ოცნების" ლიდერი დღეს ისე გააღიზიანა, რომ ჟურნალისტებს სამარცხინოები, დამოუკიდებელ მედიებს კი  "უცხოური აგენტურის ერთ-ერთი განშტოება" უწოდა. 

სამარცხვინოა ეს კითხვა, ვიცი რომ ვერ იგებთ, გაგების პრობლემა გაქვთ - უთხრა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს კობახიძემ. 

ჰო აბა რა...რა თქმა უნდა, თავიდან გაგიმეორეოთ? თქვენ ვერ გაიაზრებთ. სამარცხვინოა ეს კითხვა, ვიცი რომ ვერ იგებთ, გაგების პრობლემა გაქვთ. გაგების პრობლემა რომ არ გქონდეთ არ იქნებოდით "ნაცმოძრაობის" პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტები. ფორმულაც და ტვ პირველიც არის უცხოური აგენტურის პარტიული მედია დანამატი, შესაბამისად თქვვენ წარმოადგენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას". თქვენ პირადად არ გეუბნებით, რომ ხართ უცხოელი აგენტი, მაგრამ თქვენი ტელევიზია არის უცხოური აგენტურის ერთ-ერთი განშტოება", - განაცხადა კობახიძემ.  

ამასთან, კობახიძის თანახმად, რუსეთმა ოკუპაცია განახორციელა, რითაც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

"ოცნების" ლიდერმა წინა შემთხვევის მსგავსად, მოიშველია ევროსაბჭოს რეზოლუცია და თქვა, რომ კონფლიქტი ომში ქართული მხრიდან ცხინვალის გაუფრთხილებელმა დაბომბვამ გადაზარდა.