კობახიძემ ნიკოლოზ რაჭველს უპასუხა

11.08.26 13:24
კობახიძემ ნიკოლოზ რაჭველს უპასუხა

ირაკლი კობახიძემ ნიკოლოზ რაჭველის განცხადება შინდისის მემორიალთან შეაფასა. 

"არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს", - თქვა მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. 

მისივე მტკიცებით, ე.წ. პოლიტიკოსებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია. 

„არ მინდა, რამე ვთქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, რაღაცნაირად გაამართლო შენი ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს და იმის გამო, რომ პასუხი არ აქვთ, გამოდიან უხეში, შეურაცმყოფელი განცხადებებით როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ცხადი, რასც ვერ ახსნიან ვერანაირად, ვერ გაამართლებენ ვერანაირად, ამიტომ უწევთ უხეში განცხადებების კეთება, რაც ტრაგიკული მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოვნების" ლიდერმა, ადამიანებს, რომლებსაც რუსები არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის წარმომადგენლები უწოდა: 

„ზოგადად, საქართველოში არიან ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, ე.წ. „ენჯეოშნიკები“, პარტიული აქტივისტები, ე.წ. კულტურის თუ ნამდვილად კულტურის მოღვაწეები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მოქმედებენ გარე დაკვეთებით. კონკრეტულად ამ კულტურის მოღვაწეების მაგალითზე ზუსტად იგივე ჩანს. შინდისის გმირობა იყო ახალი მომხდარი, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები არ უკადრისობდნენ რუსეთში ჩასვლას, კონცერტების გამართვას და მას შემდეგ, რაც უკრაინაში განხორციელდა რუსული ოკუპაცია, მხოლოდ შემდეგ დაიწყეს ანტირუსული განცხადებებით საუბარი, მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს მოგზაურობა რუსეთში. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე, რომ არსებობს ადამიანების გარკვეული კასტა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მოქმედებს, არა საკუთარი შეხედულებების, საკუთარი შეგრძნებების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ რას დაუკვეთავენ გარედან. სამწუხაროდ, ეს ვრცელდება კულტურის სფეროს წარმომადგენლებზეც, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა.
მათ სათქმელი არაფერი აქვთ, არც სააკაშვილს, არც „ნაცმოძრაობის“ რომელიმე სხვა  წარმომადგენელს არაფერი აქვს რეალურად სათქმელი, იმიტომ, რომ ფაქტი არის ჯიუტი, ძალიან მარტივი. იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში და ამის შემდეგაც მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან და ა.შ. დადიოდნენ კონცერტებზე მათ შორის რუსეთში. ახლა იგივე ადამიანები უკვე გამოდიან განსხვავებული განცხადებებით. ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს რაზე, რომ არსებითად ეს ადამიანები არიან უცხოური აგენტურა. ისინი მოქმედებენ არა იმის მიხედვით, რა ხდება ამ ქვეყანაში, არამედ იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან მათ გარედან“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გულის ამრევია “ქართული ოცნება”, ბოლომდე! - ასე პასუხობს ნიკოლოზ რაჭველი "ოცნების" წარმომადგენლის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას, რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ "2008 წლის ომის შემდეგ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე, რუსეთში საქმიანობაზე უარს არ ამბობდნენ, თუმცა 2022 წლის შემდეგ მკვეთრად ანტირუსული პოზიციით გამოირჩევიან".

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ამჟამად კიევში იმყოფება, სადაც დღეს რეპეტიცია აქვს ორკესტრთან ერთად. ნიკოლოზ რაჭველის თქმით, მისი ჩასვლიდან მელევე უკრაინაზე რუსეთის აგრესიულ შტურმი განხორციელდა და თავშესაფარში გადასვლა მოუწია. 

მსგავსი სიახლეები