გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი და სამარცხვინო - კობახიძე

11.08.26 13:32
გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი და  სამარცხვინო - კობახიძე

გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი და  სამარცხვინო, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით,  "ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინოა". 

როგორც "ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, მსგავს ტყუილს ახსნა ვერ ექნება და ეს აჩვენებს კოლექტიური ნაცმოძრაობის სახეს.

“იყო რაღაც უარყოფითი კომენტარები კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ბარამიძესთან დაკავშირებით, მაგრამ გადახედეთ მთლიანობაში კოლექტიური ნაცმოძრაობის საერთო დამოკიდებულებას ბარამიძის განცხადების მიმართ და ასევე გადახედეთ მათ პარტიული ტელევიზიების მიერ ამ საკითხის გაშუქებას - სრული იგნორი. ბარამიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ვერცერთი პარტიული ტელევიზია ვერ ბედავს ამაზე ღირსეული კომენტარის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს ტელევიზიებიც არის ჩვეულებრივი პარტიული აგენტურა, ესენიც მიჰყვებიან გარე დაკვეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რას ედავებიან ბარამიძეს?

შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო. 

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

ამასთან, გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. "თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი"- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.