ომის პირველ დღეებში, როცა თავდაცვის პოზიციაში ხარ, რა ტყვე უნდა აგვეყვანა?- ომის მონაწილე
ეს არის მოღალატეობრივი განცხადება - ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომელიც გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული პროკურატურაში.
მისივე თქმით, აფხაზეთის ომში ქართული მხარე ყველაფერს აკეთებდა ტყვეების გადასარჩენად.
„ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. მსგავსი ინფორმაცია მე არ მსმენია. ეს განცხადება არის ვიღაცის მიერ შეკვეთილი, ვინაიდან საბრძოლო მოქმედებების შემდეგ გასული არის ძალიან დიდი დრო და იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი, გამოეძიებინათ და განეცხადებინათ.
მე რამდენადაც ვიცი, პირველ დღეების განმავლობაში, მე რამდენადაც ვიცი, საერთოდ საომარი მოქმედებების დროს, თავდაცვის პოზიციაში ხარ ტყვეს ვერ აიყვან მე მგონი. ლოგიკურად რომ განსაჯო, ვინც თავდასხმის პირობებში იმყოფება, იმან შეიძლება, ჩვენ რა ტყვე უნდა აგყეყვანა ან ვინ უნდა დაგვეხვრიტა? - თქვა გიორგი მათიაშვილმა.
რას ედავებიან ბარამიძეს?
შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო.
საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.
ამასთან, გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. "თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი"- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.