კობახიძის შემდეგ, მდინარაძეც ამტკიცებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინა ხელისუფლებამ "რუსეთს საბაბი და მიზეზი მისცა"
ირაკლი კობახიძის შემდეგ, უკვე მამუკა მდინარაძეც ამტკიცებს, რომ 2008 წელს საქართველოს წინა ხელისუფლებამ "რუსეთს საბაბი და მიზეზი მისცა, რომ ქვეყანაში შემოჭრილიყო".
დღეს გორში, შინდისის მემორიალთან ჩასული "ოცნების" ლიდერი ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიებზე განახორციელა დაბომბვები.
ქართველებს ხომ გვაქვს გამოთქმა "ურემი რომ ამობრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო", - გზა გამოჩნდა და სამწუხარო რეალობა გამოჩნდა, რომ ისინი აზრზე არ იყვნენ რას აკეთებდნენ - განაცხადა მდინარაძემ.
ეს არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება. ერთის მხრივ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი საკუთარი ქვეყნის მიმართ, მთელ მსოფლიოს რომ აჩვენა დაბომბვა 7 აგვისტოს და მეორე მხრივ, რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს - ესეც ვერ გადაიხედება.
საკუთარ ტერიტორიებზე განახორციელა დაბომბვები და ეს აჩვენა მთელ მსოფლიოს. პირველიდან 7-მდე მიმდინარეობდა ესკალაცია, რომელშიც ასევე რუსეთს მიუძღოდა ბრალი. იყო სამხედრო ესკალაცია, თუმცა არასრულმასშტაბიანი და სამწუხაროდ, ხელი მოუწერეს იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო ღონისძიება ჩვენ წამოვიწყეთო და ამის მიუხედავად, არც გაეროს უშიშროების სხდომა უხსენებია, არათუ მოუწვევია ვინმეს და არც არაფერი უღონია იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაემართლებინა. ამის ნაცვლად, მან დაიწყო მასირებული დაბომბვა, ოღონდ არცერთი მტკიცებულება არ ეჭირა ხელში ისე, რომ რუსული რეგულარული არმია საქართველოში იმყოფებოდა. ახლა ამბობენ სიტყვით და ეს სიტყვით ნათქვამი არსად წერია. თუ არ გინდათ რომ მათ მოღალატეობრივ მოქმედებებს მოღალატეობრივი გაპრავება დავამატოთ ზემოდან, უნდა ვთქვათ და ეს ასე იყო, რომ დიახ, გასცა ბრძანება მასობრივი დაბომბვის, ეს ყველამ ვნახეთ, საკუთარი თვალით და საკუთარი ყურით მოვისმინეთ. და რუსეთი საქართველოში შემოჭრა 8 აგვისტოს, რითაც დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი.
თუ გაინტერესებთ კითხვაზე პასუხი, როდის დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, დაიწყო 8 აგვისტოს და ის დაიწყო რუსეთმა, ოკუპანტმა ქვეყანამ.
8-ში დილით გახარებული სააკაშვილი ამბობდა, რომ აიღო ტერიტორიები, მისი მინისტრები იყვნენ აჟიტირებულებები, რომ აიღეს ტერიტორიები და ა.შ. და ამით ადასტურებდნენ შეტევაზე გადასვლას ვიღაცის თუ რაღაცის წინააღმდეგ. ქართველებს ხომ გვაქვს გამოთქმა "ურემი რომ ამობრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო", - გზა გამოჩნდა და სამწუხარო რეალობა გამოჩნდა, რომ ისინი აზრზე არ იყვნენ რას აკეთებდნენ. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უქმნიდნენ რუსეთს მტკიცებულებებს, საბაბს და მიზეზს, რომ ის საქართველოში შემოჭრილიყო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ასევე ნახეთ: