ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსეთთან ქედმოხრაზე - არინა თავაქარაშვილი

11.08.26 22:20
ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსეთთან ქედმოხრაზე - არინა თავაქარაშვილი

ჩვენ უნდა გავითავისოთ ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც ეკლესიები გადალესა, ჩვენი ფრესკები გაანადგურა და ჩვენგან უნდოდა მიწა-წყლის მიტაცება, - ამის შესახებ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, არინა თავაქარაშვილი  „ანა წერეთელის დღის ამბებში“ განაცხადა.

მისი თქმით,  სწორედ რუსეთმა ვერ აპატია ქართველ ახალგაზრდობას თავისუფლებისთვის გამოსვლა 9 აპრილს და დაატრიალა უსაზარლესი ტრაგედია.

თავქარაშვილის თქმით, მიუხედავად იმის, რომ რუსეთი მეზობელია და შესაძლოა დროის შემდეგ პრაგმატული პოლიტიკა დაგჭირდეს, მნიშნელოვანია, რომ ევროკავშირისკენ სვლა არ შეჩერდეს. 

ვინც მას შეაჩერებს და ეცდება შეჩერებას, ის საქართველოს დაუძინებელი მტერია, - თქვა მან.

გორში ომის დღეებში იყო პოლინელი ჟურნალისტი, რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებდა საქართველოსთვის, ყველაფერს იღებდა, ცდილობდა ადამიანურ ხელშეწყობას და აი, ამ მასალებით, გადარჩენილი მასალებით, ეს ომი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. მიუხედავად იმის, რომ გარკვეული დროის მანძილზე, სანამ უკრაინაში ასეთი აგრესია არ გამოიჩინა რუსეთმა, ნაწილობრივ, ვთვლი, რომ ცოტა მიყურისძირებული იყო საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია. რა უნდა გახდეს და რა არის ყველაზე მთავარი მოქმედების, ან ბრძოლის იარაღი, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ვართ ისტორიულად ევროპული ერი და ჩვენი გზა მხოლოდ ევროპისკენ, კონკრეტულად კი ევროკავშირისკენაა მიმართული, ჩვენ უნდა გავითავისოთ ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც ეკლესიები გადალესა, ჩვენი ფრესკები გაანადგურა, ჩვენგან უნდოდა 78 წელს ქართული ენის ამოღება და რაზე დგას საქართველო, თავის ისტორიულ ენაზე, ჩვენგან უნდოდა მიწა-წყლის მიტაცება, ვერ გვაპატია ახალგაზრდობის თავისუფლებისთვის გამოსვლა 9 აპრილს და დაატრიალა უსაზარლესი ტრაგედია, აი, ეს ყველაფერი რომ დაჯამდება, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსეთთან ქედმოხრაზე. მეზობელია, ვერსაც გავექცევით შესაძლოა, დროის მერე პრაგმატული პოლიტიკა დაგვჭირდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი სტრატეგიული ხედვა და ისტორიული სვლა დასავლეთისკენ უნდა გავაგრძელოთ. ვინც მას შეაჩერებს და ეცდება შეჩერებას, ის საქართველოს დაუძინებელი მტერია, - განაცხადა არინა თავაქარაშვილმა.