"ღარიბაშვილი წერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს" - დიმიტრი ცქიტიშვილი
პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილის მიიჩნევს, რომ დაკავებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გავრცელებული განცხადება აჩვენებს, რომ "ასე ფუნქციონირებს რეჟიმი, სადაც კონკრეტული ადამიანის სამართლიანი მოპყრობა, მისი ოჯახის უსაფრთხოება ერთი კაცის ხელშია".
დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს წერს, და არა პროკურატურას, სასამართლოს, ან რამე ზემდგომ ორგანოს.
ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია მოსახლეობისთვის და საზოგადოებისთვის ამის დეტალებში გარჩევა იმიტომ, რომ პრინციპში არც არაფერი არ ვიცით, ხვალ შეიძლება ცოტა მეტი გავიგოთ. რაც ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია - სახელმწიფოს მდგომარეობა როგორია და რა სიმპტომს გვაჩვენებს ასეთი ურთიერთობა ყოფილ პრემიერებს შორის, ერთი გუნდის წარმომადგენლებს შორის.
გამოდის, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პატიმრის მიმართ, რომლის მიმართაც ყურადღება ყოველთვის უფრო მაღალია, მას აქვს განცდა, რომ ის არის დაჩაგრული და მას არ აქვს არანაირი ინსტიტუციური გარანტია ქვეყანაში, რომ ის დაიცვან. ის წერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს, რამე ზემდგომ ორგანოს, მაგალითად პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოში არ არის ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პატიმარი დაიცვას, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ეს ყველაზე ძლიერი მაჩვენებელია სახელმწიფო ინსტიტუციების დეგრადაციის. ეს აჩვენებს იმას, რომ ასე ფუნქციონირებს რეჟიმი, სადაც კონკრეტული ადამიანის სამართლიანი მოპყრობა, მისი ოჯახის უსაფრთხოება ერთი კაცის ხელშია და არცერთი რომელიმე ინსტიტუციის ხელში," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.