ოპოზიცია: თეთრი სახლის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო საეჭვო ტვირთების ტრანზიტისთვის გამოიყენება
თეთრი სახლის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ მესამე ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ჩინეთი შესაძლოა აშშ-ის მაღალი ტარიფებისთვის გვერდის ასავლელად იყენებდეს, ოპოზიციაში ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის კიდევ ერთ მძიმე სიგნალად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო სულ უფრო ხშირად ჩნდება სანქციებისთვის, ტარიფებისა და სხვა ეკონომიკური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის შესაძლო მარშრუტებთან დაკავშირებულ საკითხებში და ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ.
„ლელო — ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია თეთრი სახლის ანგარიშს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სანდოობისთვის დამაზიანებელ სიგნალად აფასებს. მისი თქმით, დოკუმენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა აშშ-ისთვის სანდო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად აღარ აღიქმება.
თეთრი სახლის ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო არის, სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში, იმ სახელმწიფოთა ნუსხაში, რომელიც არ მოიაზრება როგორც სანდო პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი და ამჯერად საქმე ეხება ე.წ. სატრანზიტო თაღლითობის წიაღში საქართველოს წარმოჩენას, როგორც ქვეყნისა, რომელიც გამოიყენება, მაღალი ალბათობით, ჩინეთის მიერ როგორც გადაყიდვის ერთ-ერთი ეკონომიკური სივრცე, რომელიც არის გამოყენებული იმ ტიპის საქონლის აშშ-შ გადატანას, რისი გატანაც ჩინურ კომპანიებს დაუჯდებოდათ უფრო მეტი იმ მაღალი ტარიფების გამო, რაც აშშ-მა დაუწესა. ამ ვითარებაში პოლიტიკური და ეკონომიკური გადატვირთვა კიდევ უფრო სასაცილოა, ვიდრე ისედაც უკვე იყო ქოცური რეჟიმის პოლიტიკის პირობებში, როდესაც ჩვენ აშშ-დან ვისმენთ, რომ ან ეს კურსი შეიცვლება, ან ამერიკასთან არ იქნება ურთიერთობების არავითარი ნორმალიზება, - ამბობს გეგელია.
ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე კი მბობს, რომ ჩინური ტვირთების საქართველოს გავლით გადაადგილება იმ პოლიტიკის შედეგია, რომელმაც, მისი შეფასებით, ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და საეჭვო ფინანსური თუ სავაჭრო ოპერაციებისთვის ხელსაყრელ სივრცედ აქცია.
აღმოჩნდა, რომ ჩინური ტვირთები გადის საქართველოს ტერიტორიიდან და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი ამბობს, რომ ეს ჩინური ტვირთები არის პრობლემური ძალიან და ეს არის რეალური ის სურათი, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა. არასუვერენული, ნამდვილი დამოუკიდებელი, მეგობრებთან ერთად განვითარებული მშვიდობიანი ქვეყანა, არამედ ის ქვეყანა, რომელიც არის იზოლირებული და რომელსაც მართლაც შავი ტვირთებისთვის, კრიპტოვალუტისთვის, ფულის სამრეცხაოდ, ოფშორებად და გავიხსენოთ ყველა ის კანონი, რომელიც ივანიშვილმა დაავალა დამიიღო მისმა მსახურმა პარლამენტმა, იყენებს საქართველოს ტერიტორიას, - ამბობს დეკანოიძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის"-ში კი თეთრი სახლის ანგარიშს სხვა ქვეყნებისთვის დაწესებული შეზღუდვებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების შესახებ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებენ. გიორგი ბუტიკაშვილი რუსეთისა და ირანის შემთხვევებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ ახლა ამ ჩამონათვალს ჩინეთიც დაემატა.
ის, რომ საქართველო გადაქცეულია დიდ კორუფციულ კრიმინალურ სივრცედ, ამას ადასტურებს ნებისმიერი გამოძიება, ეს ჟურნალისტური იქნება თუ იქნება ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების სპეცსამსახურების მიერ შესწავლილი ინფორმაცია, როგორც რუსეთისთვის ხდება თავის არიდება სანქციებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, ასევე ირანის შემტხვევაც დადასტურდა. დღეს უკვე ვკითხულობთ, რომ ჩინეთსაც, მაღალი ტარიფების გამო, რომელიც ამერიკამ დაუწესა, მესამე ქვეყნად ფიქსირდება საქართველო, ამიტომ საქართველოს ტერიტორია არის გადაქცეული ამ კორუფციულ კლანურ შავ ხვრელად, სადაც უბრალოდ, ფული კეთდება, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის The Great Transshipment Scam-ის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩინეთს ამერიკული ტარიფებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
ანგარიშის თანახმად სქემა ასეთია - ჩინურ საქონელს, რომელსაც ამერიკა მაღალ ტარიფებს უწესებს, ჯერ სხვა ქვეყნებში ყიდიან, შემდეგ კი წარმომავლობას უცვლიან და ამერიკაში ისე შეაქვთ. სწორედ ამ „მესამე ქვეყნების“ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.