ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს - თეთრი სახლის ანგარიში
როგორ აღმოჩნდა საქართველო დიდი სატრანსპორტო თაღლითობის სქემაში - ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩინეთს ამერიკული ტარიფებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში The Great Transshipment Scam-შია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად სქემა ასეთია - ჩინურ საქონელს, რომელსაც ამერიკა მაღალ ტარიფებს უწესებს, ჯერ სხვა ქვეყნებში ყიდიან, შემდეგ კი წარმომავლობას უცვლიან და ამერიკაში ისე შეაქვთ. სწორედ ამ „მესამე ქვეყნების“ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.
ტრაპის ადმინისტრაცია ანგარიშში ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ შემავალ 40 ეკონომიკას ასახელებს.
თეთრი სახლი „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ მონაწილე ეკონომიკებს სამ კატეგორიად ყოფს:
- • პირველი კატეგორია ისეთ ქვეყნებსა და სავაჭრო ბლოკებს აერთიანებს, რომლებიც ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის დიდ მოცულობას იღებენ, თუმცა დივერსიფიცირებულ სამრეწველო ბაზას ინარჩუნებენ. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან: კანადა, ევროკავშირი, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ტაივანი.
- • მეორე კატეგორია ისეთ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთაც ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაცია აკავშირებთ. ეს კატეგორია ბრაზილიას, ინდონეზიას, მალაიზიას, ტაილანდს, თურქეთსა და ვიეტნამს მოიცავს.
- • მესამე კატეგორია ჩინეთის „მცირე სამიზნეებს“ მოიცავს. თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ამ კატეგორიაში მცირე ზომის ეკონომიკები შედის. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, არგენტინა, შვეიცარია, პანამა, კოლუმბია, ჩილე, კამბოჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა ქვეყნები შედიან.
„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების მეშვეობით ტრანზიტს, კონსოლიდაციასა და სახმელეთო-საზღვაო კავშირებს“, - აღნიშნული ანგარიშში.
ასევე, ანგარიში „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში“ შემავალ ეკონომიკებს ფუნქციურად ყოფს. ანგარიშის მიხედვით, „სარტყელი და გზის“ ინიციატივის სახმელეთო კვანძების ფუნქციური ჯგუფი აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და უზბეკეთს აერთიანებს.