„ათეულობით ცხვრის ტყავში გახვეული ტურა გვყავს, რომელთა მწყემსები უცხოელები არიან“ - მდინარაძე ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მისამართით რიტორიკა კიდევ უფრო მწვავდება — ამჯერად ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ოპონენტები „ცხვრის ტყავში გახვეულ ტურებად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ მათი „მწყემსები უცხოელები არიან“.
მდინარაძის თქმით, „ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი“, თუმცა მათგან ბოდიშის მოხდას არ ელოდება.
„მათი მხრიდან არავინ ბოდიშის მომხდელი არაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ყველას ბოდიში აქვთ მოსახდელი. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების, ზოგ შემთხვევაში კეთილსინდისიერებით, ზოგ შემთხვევაში ასეთი ცრუ ლეგენდების ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სტეიტის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს. აქ არის მთავარი ერთი რამ - ჩვენ სახეზე გვყავს ათეულობით ცხვრის სულში გახვეული ტურა, რომელთა მწყემსები არიან უცხოელები და არა ქართველები. ეს უნდა გავარჩიოთ. თუკი ამას გავარჩევთ, უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაც, სუვერენიტეტიც და რეალობის აღქმაც მეტად უზრუნველყოფილი იქნება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.