"აფხაზეთში არის რუსული სამხედრო ბაზა და იმას ამარაგებენ" - ზურაბიშვილი საქართველოდან გატანილ საწვავზე

19.08.26 20:29
"აფხაზეთში არის რუსული სამხედრო ბაზა და იმას ამარაგებენ" - ზურაბიშვილი საქართველოდან გატანილ საწვავზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გატანილი საწვავით რუსული სამხედრო ბაზა მარაგდება. ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა Facebook live-ში განაცხადა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. 

მისი თქმით, აფხაზეთის მოსახლეობას უნდა ვეხმარებოდეთ, მაგრამ ბენზინი ჩვენს მიერ უნდა რიგდებოდეს და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მოქალაქეებამდე მიდის. 

აფხაზეთში არის ძალიან სერიოზული რუსული სამხედრო ბაზა და იმას ამარაგებენ. მე მესმის, ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენი მოსახლეობა და მესმის ის, რომ შეიძლება სწორი იყოს, რომ ჩვენ ხელი გავუწოდოთ ამ მოსახლეობას და დავეხმაროთ, როცა უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება. ეს ბენზინი უნდა იყოს ჩვენს მიერ დარიგებული, უნდა მიდიოდეს მოქალაქეებამდე, ამაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული და კონტროლი გვქონდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს - ინფორმაცია და კადრები მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს.

 საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში საწვავის შეტანა უკვე დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, მიწოდება კერძო კომპანიებმა განახორციელეს და ხელისუფლება ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ადასტურებს, რომ რუსეთის ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო საწვავის „ალტერნატიული წყაროებიდან“ მიღების გადაწყვეტილება მიიღეს და ერთ-ერთ ასეთ წყაროდ საქართველოს ტერიტორია გამოიყენეს.

ამ ფონზე, ირკვევა, რომ სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი შესაძლოა, ფსოუს გავლით რუსეთში გადიოდეს - ამის შესახებ აფხაზურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ. საწვავის მწვავე დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ აღწევს და კითხულობენ, სად მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი.

მსგავსი სიახლეები