შარმანაშვილის ვერსიები - საიდან შეიძლება ღარიბაშვილს ახალი ბრალის შესახებ წინასწარ სცოდნოდა
საიდან იცოდა ირაკლი ღარიბაშვილმა წინასწარ რომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალი მზადდებოდა - თავისი ვერსიები ამ საკითხზე დღეს მედიას "ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა გაუზიარა.
შარმანაშვილი ერთ-ერთ ასე ვერსიად ადვოკატებს შორის ერთმანეთთან კომუნიკაციას ასახელებს - "შეიძლება ერთმა კოლეგამ მეორეს უთხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხეს შენი დაცვის ქვეშ მყოფის საწინააღმდეგოდო"
"აქ ისე არ არის საუბარი, რომ პატიმარს კამერაში რაღაც გამოცხადება ჰქონდა და ამიტომ თქვა. საქართველოში არაფერი არ იმალება" - ამბობს შარმანაშვილი.
საიდან შეიძლება თეორიულად სცოდნოდა, ბევრი ვარიანტი შემიძლია ვთქვა, იმიტომ, რომ ამ საქმეში მარტო თვითონ ხომ არ ფიგურირებს. ეჭვმიტანილები ამ ქრთამის აღების საქმეში ბევრნი არიან. მათ ჰყავთ თავიანთი ადვოკატები, ამ ადვოკატებს ერთმანეთთან ურთიერთობები აქვთ. ამიტომ, თუნდაც აქედან არის შესაძლებელი, რომ მათ სცოდნოდათ ერთმანეთის საკითხები ამასთან მიმართებაში. მე ერთ-ერთ ვარაუდს გეუბნებით. ახლა რომ დავფიქრდე 5-6 ვარიანტს შემოგთავაზებთ. ასე რომ, აქ ისე არ არის საუბარი, რომ პატიმარს კამერაში რაღაც გამოცხადება ჰქონდა და ამიტომ თქვა. საქართველოში არაფერი არ იმალება. კოლეგები ერთმანეთს უზიარებენ, შეიძლება ერთმა კოლეგამ მეორეს უთხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაკითხეს შენიდ აცვის ქვეშ მყოფის საწინააღმდეგოდ, რაღაცა საკითხებზე კითხვა დაუსვესვესო. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, ასე შემიძლია ბევრი გითხრათ. ამიტომ, საიდან შეიძლება სცოდნოდა, დიდი კითხვა არ არის ისეთი ამოუხსნელი. პოლიტიკურად შეიძლება დავზარალდეთ, არც ერთ სისხლის სამართლის დანაშაულს ხელს არ დავაფარებთ! ეს იცოდე ყველამ. სასამართლოზე ამტკიცოს თავის უდანაშაულობა, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. ასე რომ სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული, ასე რომ მხარეებს შეუძლიათ იდაონ ამ საკითხზე სასამართლოს სხდომის დროს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ექს-პრემიერი, რომელიც ციხიდან ალაპარაკებას აანონსებდა, დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრო - მედიასთან კომენტარი არ გააკეთა არც მისმა ადვოკატმა მიშა შაყულაშვილმა.
- ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.
პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
გამოძიების თანახმად, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.