საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა - რას ამბობს ოპოზიცია
საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა საქართველოს შესახებ არ უსაუბრია.
კოსის განცხადებით, გაფართოების პოლიტიკა ოთხ ძირითად მიმართულებას დაეფუძნება, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კანდიდატ ქვეყნებში შიდა რეფორმების განხორციელებას - საკითხს, რომელზეც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასაც არაერთხელ მიუთითებდა.
ევროკომისარი აცხადებს, რომ 2026 წელი ევროკავშირის გაფართოების პროცესისთვის „რეკორდული წელი“ იქნება. ამ პროცესში მოწინავე პოზიციებზე მან მონტენეგრო და ალბანეთი დაასახელა, ხოლო გაფართოების დღის წესრიგში უკრაინა და მოლდოვაც რჩებიან.
საქართველო, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, კოსის მიერ დასახელებულ მოწინავე ქვეყნებს შორის არ მოხვედრილა.
საქართველოს გაფართოების დღის წესრიგიდან გაქრობას „ქართული ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგად აფასებს ოპოზიცია. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ევროპული პერსპექტივის დაკარგვა ქვეყანას ეკონომიკური იზოლაციისა და განვითარების შესაძლებლობების შემცირების საფრთხეს უქმნის.
დღეს საერთოდ აღარ ვართ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი შედეგი და გამოხატულება. არარც კი განვიხილებით, როგორც თუნდათ თეორიული, პერსპექტიული პარტნიორი. სრული ჩახსნა ევროატლანტიკური გაფართოების დღის წესრიგიდან ნიშნავს ნაკლებს ინვესტიციას, ნაკლებ დასაქმებას, ნაკლებ დასაქმებას, პერსპექტივას და ნაკლებ შანსებს და ამ ქვეყნის იზოლირებულ უფერულ კუნძულად გადაქცევას, სადაც იქნება ნეპოტიზმი, კორუფცია, - ამბობს გეგელია.
"კოალიცია ცვილლებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ არსებული პოლიტიკური ვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი შეუძლებელია.
ბუნებრივია, სანამ ასეთი ხელისუფლებაა, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს, რომელსაც არჩევნები გაუქმებული აქვს და სასამართლო გაუქმებული, რომელ ევროკავშირზე ვლაპარაკობთ? რომელ ევროკავშირზეა ლაპარაკი, როცა რეგიონალური დემოკრატიებიც კი გვჯობნიან უკვე იშვიათი გამონაკლისის გარდა, - ამბობს ნიკა გვარამია.
'"თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი ყურადღებას ევროკავშირის მოსალოდნელ გაფართოებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა არ უნდა დაკარგოს. თუმცა, მისი შეფასებით, ამისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.
ორი პრობლემა აქვს, ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებას: ერთი, ის, რომ ჩვენ არ გვჯერა ბოლომდე, ვერ ვიაზრებთ, რომ ევროკავშირი მართლა გაფართოვდება 2030 წლამდე დაახლოებით. ეს იქნება მხოლოდ ბალკანეთი თუ ბალკანეთს პლიუს პოსტსაბჭოთა სივრცის რომელიმე ქვეყანა, ეს არის ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, მაგრამ გაფართოება რომ შედგება, ეს არის ფაქტი ჩემთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გაფართოების ტალღაში ჩვენი მხრიდან ყველა საშინაო დავალება გვქონდეს შესაბამისად შესრულებული. მეორე ამბავი, რაც არის გასააზრებელი, არის ის, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ამ პოლიიტკური დავალებების, რეფორმების განხორციელება იქნება შეუძლებელი, გამორიცხულია, - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.