დე ფაქტო მინისტრი: სოხუმი რუსეთთან კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს - საქართველოს პოზიცია „რეალობას მოწყვეტილია“
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას რუსეთთან კოორდინაციით ახორციელებს და საერთაშორისო კავშირების გაფართოებას აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ცდილობს. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა „აპსნიმედიასთან“ ინტერვიუში ასევე გააკრიტიკა საქართველოს პოზიცია და მას „რეალობას მოწყვეტილი“ და „უპერსპექტივო“ უწოდა.
„რუსეთთან კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ. ეს, ჩემი აზრით, აუცილებელი პირობაა აფხაზეთის ინტერესების საერთაშორისო არენაზე წარმატებით წარმოჩენისთვის“, – განაცხადა ბარციცმა.
მისი თქმით, მოსკოვი სოხუმს საერთაშორისო ვიზიტებისა და კონტაქტებისას ტექნიკურ, საკონსულტაციო და ანალიტიკურ დახმარებას უწევს. ბარციცის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება ახალი კავშირების დამყარებაზე მუშაობს აფრიკის ქვეყნებთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთთან. ამ კონტექსტში მან სომალის დელეგაციის ვიზიტიც ახსენა.
დე ფაქტო მინისტრმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სირიას, რომელსაც „აფხაზეთის პარტნიორი და რეგიონში მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა“ უწოდა.
ბარციცის მტკიცებით, საქართველო და დასავლეთის ქვეყნები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო აქტივობის შეზღუდვას ცდილობენ, თუმცა ასეთ მცდელობებს ის უშედეგოდ მიიჩნევს.
„თანამედროვე სამყაროში პატარა ქვეყნის სრულად იზოლირება რთულია“, – განაცხადა მან.
ბარციცის თქმით, სოხუმის საგარეო პოლიტიკის მიზანი მხოლოდ დამატებითი სახელმწიფოებისგან აღიარების მოპოვება არ არის და აქცენტი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებაზეც კეთდება. მან ნაურუს მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსაც შეეხო. მისი განცხადებით, 67-ე რაუნდის შემდეგ აფხაზური მხარე ნოემბერში დაგეგმილი 68-ე რაუნდისთვის ემზადება. ბარციცი ჟენევის ფორმატს მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, ეს ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც აფხაზურ მხარეს საქართველოს წარმომადგენლებთან პირდაპირი დისკუსიის შესაძლებლობა აქვს.
მისივე განცხადებით, სოხუმის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ „იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების“ გაფორმება რჩება. ჟენევის პროცესს ბარციცი „გრძელვადიან თამაშად“ აფასებს და აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია ისტორიულ-სამართლებრივ არგუმენტებსა და რეგიონში არსებულ სტატუს-კვოს ეფუძნება.
„რა თქმა უნდა, აფხაზეთის პოზიცია ამ საკითხში როგორც დასაბუთებული და არგუმენტირებულია, ისე მტკიცეა. ჩვენ ვეყრდნობით ისტორიულ-სამართლებრივ საფუძველს, საკუთარი ისტორიული სიმართლის სრულ განცდას და იმ სტატუს კვოს, რომელიც რეგიონში ფაქტობრივად უკვე 18 წელია ჩამოყალიბებულია. სწორედ ამ რეალობებზე ვაშენებთ ჩვენი პოზიციის წარმოჩენისა და მისი დარწმუნებით დასაბუთების ლოგიკას“, – განაცხადა მან.
ამავე ინტერვიუში ბარციცმა საქართველოს მიდგომაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის, მისი შეფასებით, „ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების შეუცნობლობაზე და ემოციურ გზავნილებზეა აგებული“.
„ვფიქრობ, ასეთი მიდგომა სრულიად უპერსპექტივოა. არაერთხელ მითქვამს, რომ ვამჩნევ, როგორ გროვდება თანდათან დაღლილობა საერთაშორისო თანათავმჯდომარეებშიც კი საქართველოს ამ ერთფეროვანი, ემოციური და რეალობას მოწყვეტილი პოზიციისგან“, – ამბობს დე ფაქტო აფხაზი მინისტრი.