"თუ რამე იცის წარმოადგინოს" - "ქართული ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილისგან ფაქტებს ითხოვს

26.08.26 15:36
"თუ რამე იცის წარმოადგინოს" - "ქართული ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილისგან ფაქტებს ითხოვს

"ქართული ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილისგან ფაქტებს ითხოვს. ყოფილი თანაგუნდელები დაკავებული ექს-პრემიერის წერილებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ თუ მან რამე იცის შეუძლია წერილობითი ფორმით, მედია საშუალებების დახმარებით, ან თუნდაც სასამართლოზე წარმოადგინოს. 

"ქართული ოცნების" წევრი, ლევან მახაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს ცარიელ სიტყვებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ იქ მოცემულ ინფორმაციაში ფაქტები არ არის. 

თავად განმარტოს, რა იცის. რასაც ჩვენ ვხედავთ მისი წერილებიდან - ერთის მხრივ, ეს არის მისი რამდენიმე წერილი, აბსოლუტურად ცარიელი სიტყვები და ნული ფაქტები, მეორეს მხრივ, საზოგადოებამ დაინახა, დაიწყება სასამართლო სხდომები და კიდევ უფრო მეტად დაინახავს, მეორეს მხრივ დგას არაერთი კონკრეტული მოწმე, არაერთი დოკუმენტი, ფაქტები, ფაქტები, ფაქტები - ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ფაქტებზე ვისაუბროთ ერთის მხრივ, ის როგორც ჩანს, გააგრძელებს ამ ტიპის იერიშს სახელმწიფოზე. თუ რამე იცის, მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს არც წერილობითი ფორმით, არც სატელევიზიო ფორმით, სასამართლოზეც შეუძლია მობრძანდეს და წარმოადგინოს. თუ რამე იცის, ა ბატონო, მის წინაშეა თქვენი ტელევიზიაც, როგორც ჩანს და ყველა სხვა მედია საშუალებაც," - განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

"ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი თავის გადასარჩენად და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად, ცდილობს პოლიტიკა გამოიყენოს.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი საკუთარი თავის გადასარჩენად და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად, ცდილობს პოლიტიკა გამოიყენოს. საკუთარი თავის გადასარჩენად არაერთ წერილს ავრცელებს, რომელთა შინაარსიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ხოლმე მანამდე გამოქვეყნებული წერილის შინაარსს და მეორე მხრივ, რა ქართულით არის დაწერილი, ეგ კიდევ ცალკე ამბავია. 

2024 წლამდე "TV პირველს" ერთი სიტყვა არ ეჯერა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებისა, 2026 წელს სჯერა, რომ მას აქვს ინფორმაცია, თუ როგორ იმართება სასამართლო. 

როდესაც ადამიანი ჩადის დანაშაულს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყველას მოეთხოვება კანონის სრული სიმკაცრით ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა," - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ "სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს".  ექს-პრემიერმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური პროცესია.

ღარიბაშვილმა წერილში ასევე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მისი ცოლის ძმას გულისხმობს, რადგან გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მათ მისცეს ჩვენებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები