ზახაროვა ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს „სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში“ დახმარებას ჰპირდება

26.08.26 16:32
ზახაროვა ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს „სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში“ დახმარებას ჰპირდება

რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს „სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცების საქმეში მასშტაბური დახმარების“ გაგრძელებას ჰპირდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას განმარტებით, მოსკოვი აპირებს სოხუმთან და ცხინვალთან „სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის“ კიდევ უფრო გაღრმავებას:

„განზრახული გვაქვს, მომავალშიც გავუწიოთ მეგობრულ ქვეყნებს მასშტაბური დახმარება სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცების საქმეში. ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის გაძლიერებას, საერთო ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

რუსი დიპლომატის მტკიცებით, მოსკოვი ამჟამადაც აქტიურ დახმარებას უწევს რეგიონებს „სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში, საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებაში“, ასევე მუშაობს „თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი კონტურის“ ფორმირებაზე.

განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარების 18 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ზახაროვამ 2008 წლის გადაწყვეტილებას „ხალხის გადარჩენის ნაბიჯი“ უწოდა, ხოლო კონფლიქტის ესკალაციაში ტრადიციულად „კოლექტიური დასავლეთი“ დაადანაშაულა.