"ივანიშვილი მეტადაა დამოკიდებული დღევანდელ პრემიერზე, ვიდრე პრემიერი მასზე" - დავით უსუფაშვილი
"ივანიშვილი მეტადაა დამოკიდებული დღევანდელ პრემიერზე, ვიდრე პრემიერი მასზე" - ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ წუთში და ყველაზე სუსტი პოზიციებით "ქართული ოცნების" დამფუძნებელია - "დიდი ხანია ვეღარ მართავს და ეს ყველაფერი ამის გამოვლინებაა".
დავით უსუფაშვილი "ფანტასტიურ რომანს" უწოდებს თეორიას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე "10 წლის წინ ჩაიფიქრა რაღაც, გამოზარდა, მერე გაუშვა, მერე დააწინაურა, მერე ციხეში ჩაასმევინა, მერე წერილი დააწერინა, ახლა ბრალი წააყენებინა" - "არ არის ეს კაცი ყოვლის შემძლე".
... აქ არც მის ოპოზიციონერად გამოზრდას ცდილობს ვინმე და მთელი ეს ამბები, რომ ბიძინა რაღაცას შვრება და ა.შ., არ არის ეს კაცი ყოვლის შემძლე და ნუ ვაბრალებთ მას, ბიძინაზე ვლაპარაკობ ახლა, რომ ე.ი. 10 წლის წინ ჩაიფიქრა რაღაც, გამოზარდა, მერე გაუშვა, მერე დააწინაურა, მერე ციხეში ჩაასმევინა, მერე წერილი დააწერინა, ახლა ბრალი წააყენებინა - კონსპირაციას სცილდება კიდევ, რაღაც ფანტასტიურ რომანებზე გადავდივართ.
ძალიან მარტივადაა საქმე, ყველაზე რთულ დღეში ამ წუთში და ყველაზე სუსტი პოზიციებით, მე მგონი, თავად როგორც მას უწოდებენ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარეა იმიტომ, რომ სკამი აღარ დარჩა. მე მგონი, ის თავად მეტადაა დამოკიდებული დღევანდელ პრემიერზე, ვიდრე პრემიერი მასზე. ადამიანების შეცვლის [სკამი აღარ დარჩა], გადანაცვლების, მანევრების და ა.შ..
მგონია, რომ ყველა, ვისთვისაც საქართველოს ხვალინდელი დღე უბრალოდ ძვირფასი კი არ არის, თან რაღაცას ვცდილობთ გავაკეთოთ, ამ მცდელობისას მგონია, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა გავთავისუფლდეთ ამ ტიპის კონსპირაციული თეორიებისგან. [...]
დიდი ხანია ვეღარ მართავს და ეს ყველაფერი ამის გამოვლინებაა," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ "სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს". ექს-პრემიერმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკური პროცესია.
ღარიბაშვილმა წერილში ასევე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მისი ცოლის ძმას გულისხმობს, რადგან გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მათ მისცეს ჩვენებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ.